Logo

ზელენსკი – ტერორისტული სახელმწიფო თავს მსოფლიოსგან კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში იქცევს

უკრაინა
763
Frontnews image description

ტერორისტული სახელმწიფო რუსეთი ზაპოროჟიეს საცხოვრებელი რაიონების მორიგი დაბომბვით თავს მსოფლიოსა და კაცობრიობისგან კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში აყენებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად 11 წლის გოგონა ირინა და მისი მამა დაიღუპნენ, დედა კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია.

 

“ასე ატარებს ტერორისტული სახელმწიფო ამ ბზობის კვირას. რუსეთი თავს კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში აყენებს სამყაროსგან, კაცობრიობისგან. ყოველი ქრისტიანული დღესასწაული გვასწავლის, რომ შეიძლება არ ვიცით როგორ, მაგრამ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ბოროტება მარცხდება. დაიჯერეთ და ჩვენ გვჯერა, უნდა მიუახლოვდეთ ბოროტების დამარცხებას და ჩვენ ვუახლოვდებით. და მსოფლიო ჩვენთანაა. მხარდაჭერა გვემატება ყოველთვიურად, ყოველკვირეულად, იზრდება იმ ადამიანების წრე, ვინც მხარს გვიჭერს, ვინც მხარს უჭერს ჩვენს გამბედაობას და რწმენას ცხოვრებაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

9 აპრილის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს. მტრის თავდასხმის შედეგად ორი რაკეტა საცხოვრებელ ზონას მოხვდა. დაბომბვის შედეგად ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა. მას ორი ადამიანი შეეწირა – 50 წლის მამაკაცი და მისი 11 წლის ქალიშვილი. ნანგრევებიდან ამოიყვანეს გოგონას 46 წლის დედა. დაბომბვის დროს წყვილის უფროსი ქალიშვილი სახლში არ იმყოფებოდა და არ დაშავებულა.

 

მომხდართან დაკავშირებით ცინიკური განცხადება გაავრცელა ოკუპანტების თავდაცვის სამინისტრომ. მათი მტკიცებით, რაკეტა არა საცხოვრებელ კორპუსს, არამედ “უკრაინის შეიარაღებული ძალების საწვავის საწყობს” მოხვდა.

Advertisement