ზელენსკი - თითოეული ასეთი დარტყმა ადასტურებს, რომ რუსეთს არ სურს ომის დასრულება, ამიტომ, მასზე ზეწოლის ნებისმიერი შემსუბუქება სახიფათოა

ავტორი
Front News საქართველო
28 მარტის ღამეს, რუსულმა ძალებმა ოდესაში 60-ზე მეტი თავდასხმის დრონი გაუშვეს, არის მსხვერპლი, არიან დაშავებულები და სერიოზული ზარალი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"დღეს ღამით რუსებმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელეს. ამ დარტყმას არანაირი სამხედრო მიზანი არ ჰქონია; ეს იყო ტერორი ჩვეულებრივი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ქალაქზე ამ დარტყმის დროს 60-ზე მეტი თავდასხმის დრონი იქნა გამოყენებული. სამწუხაროდ, ზიანი დიდია", - წერს ზელენსკი.
მისივე თქმით, დაზიანებული ობიექტებს შორისაა სამშობიარო სახლი, საცხოვრებელი შენობები, ბიზნესები, პორტი და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. სამსახურები აგრძელებენ ფუნქციონირებას და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევენ.
"სამწუხაროდ, ამ დროისთვის ცნობილია ორი ადამიანის დაღუპვის შესახებ. ვუსამძიმრებ ოჯახებსა და მეგობრებს. ათზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ღამით ასევე დარტყმები განხორციელდა პოლტავას და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.
ზელენსკის თქმით, თითოეული ასეთი დარტყმა ადასტურებს, რომ რუსეთს არ სურს ომის დასრულება. ამიტომ, მასზე ზეწოლის ნებისმიერი შემსუბუქება სახიფათოა.
მისივე თქმით, ადამიანებისა და სიცოცხლის დასაცავად კოორდინირებული ძალისხმევა ხელს შეუწყობს უკრაინის თავდაცვასა და დიპლომატიას.
"მადლობა ყველა ჩვენს პარტნიორს, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობენ და მხარს უჭერენ ჩვენს ხალხს. ჩვენ ყველასთან ვმუშაობთ, რათა ჩვენს ქვეყანას მივცეთ მეტი ძალა და შესაძლებლობები, რომ დაიცვას სიცოცხლე უკრაინაში - ჩვენი ქალაქები და სოფლები, ჩვენი ინფრასტრუქტურა - ყოველდღე და ყოველ ღამე. ერთობლივი თავდაცვა და კოორდინირებული მოქმედება საუკეთესოდ იმუშავებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
28 მარტის ღამეს რუსეთმა კვლავ დაარტყა ოდესას. დრონების გამოყენებით, მტერმა ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბა. არიან დაშავებულები, მათ შორის ერთი ბავშვი. პრიმორსკის რაიონში სამშობიარო სახლის სახურავზე დარტყმა დაფიქსირდა. წინასწარი ინფორმაციით, პერსონალმა და პაციენტებმა თავშესაფარში ჩასვლა მოახერხეს, რამაც უფრო სერიოზული დაზიანებების და მსხვერპლის თავიდან აცილება გახადა შესაძლებელი.
თავდასხმის შედეგად ასევე ნაწილობრივ განადგურდა მრავალსართულიანი შენობის მეოთხე და მეხუთე სართულებს შორის ჭერი. აფეთქების ტალღამ რაიონის მასშტაბით საცხოვრებელი კორპუსების ფანჯრები ჩაამსხვრია, რამაც დამატებითი ზიანი მიაყენა. გარდა ამისა, ხანძარი გაჩნდა კერძო სექტორის საცხოვრებელ შენობებში.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი











