Logo

ზელენსკი - წავაგებთ თუ არა? რა თქმა უნდა, არა, რადგან ჩვენ უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვით

უკრაინა
284
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის გამარჯვება არა მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნებაშია, არამედ მისი ხალხისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაშიც, - ამის შესახებ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

საუბრის დროს წამყვანმა აღნიშნა, რომ თეთრი სახლის გარეთ ბევრი ანალიტიკოსი, ასევე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სხვა ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ უკრაინას არ შეუძლია ომის მოგება და თუ ის რუსეთს დათმობებზე არ წავა, საერთოდ წააგებს და ზელენსკის ჰკითხა, მართალია თუ არა ტრამპი და სხვები, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა: "სად ხართ ახლა? დღეს თქვენ კიევში ხართ, ჩვენი სამშობლოს, უკრაინის დედაქალაქში. ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ. წავაგებთ თუ არა? რა თქმა უნდა, არა, რადგან ჩვენ უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვით".

მისივე თქმით, გამარჯვება ნიშნავს უკრაინელებისთვის ნორმალური ცხოვრების აღდგენას და ტრაგედიის დასრულებას. 

"მე მჯერა, რომ პუტინის შეჩერება დღეს და უკრაინის ოკუპაციის თავიდან აცილება მთელი მსოფლიოს გამარჯვებაა, რადგან პუტინი უკრაინაში არ გაჩერდება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ასევე, განმარტა, რომ არსებობს სხვადასხვა სახის გამარჯვებები. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა მომავალში აუცილებლად დაიბრუნებს თავის ტერიტორიას, თუმცა ამის ახლა მცდელობა, რუსეთის არმიის რაოდენობის გათვალისწინებით, მილიონობით უკრაინელის დაკარგვას ნიშნავს.

"ჩვენ გვესმის ასეთი ნაბიჯების ფასი. თქვენ არ გეყოლებათ საკმარისი ხალხი; თქვენ დაკარგავთ. და რა არის მიწა ხალხის გარეშე? გულწრფელად რომ ვთქვათ, არაფერი“, - განმარტა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვება, ხალხის შენარჩუნების გარდა, მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნებასაც ნიშნავს. რაც შეეხება ტერიტორიების დაბრუნებას, ეს სამართლიანობის გამარჯვება იქნება.

"უკრაინის გამარჯვება ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ნიშნავს, ხოლო მთელი მსოფლიოსთვის სამართლიანობის გამარჯვება ჩვენი ყველა მიწების დაბრუნებას ნიშნავს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები