ზელენსკი - თუ რუსეთი განზრახ აჭიანურებს დიპლომატიურ პროცესს, მსოფლიოს პასუხი გადამწყვეტი უნდა იყოს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ ენერგეტიკოსებსა და სარემონტო ჯგუფებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ რუსული დარტყმების შემდეგ ელექტროქსელის აღსადგენად.
მისი თქმით, ელექტროქსელში სიტუაცია კვლავ რთული რჩება, მაგრამ ხელისუფლება და შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ დაზიანებული ინფრასტრუქტურის რაც შეიძლება სწრაფად აღსადგენად.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, სუმის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხმელნიცკის და ოდესის რეგიონები თავდასხმის ქვეშ იყვნენ. დაბომბვის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. ამჟამად ცნობილია ორი დაღუპულის შესახებ.
ზელენსკის თქმით, მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა: 1300-ზე მეტი თავდასხმის დრონი; დაახლოებით 1050 მართვადი საჰაერო ბომბი; სხვადასხვა ტიპის 29 რაკეტა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინას მეტი თავდაცვა სჭირდება, პირველ რიგში, რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.
"თუ რუსეთი განზრახ აჭიანურებს დიპლომატიურ პროცესს, მაშინ მსოფლიოს პასუხი გადამწყვეტი უნდა იყოს: მეტი დახმარება უკრაინისთვის და მეტი ზეწოლა აგრესორზე. მადლობა ყველა ჩვენს პარტნიორს, რომლებიც ახლა ჩვენთან არიან, რომლებიც მზად არიან დაგვეხმარონ სიცოცხლის დაცვასა და უკრაინის გაძლიერებაში და რომლებიც ერთად მუშაობენ უსაფრთხოების აღსადგენად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




