ზელენსკი – უკრაინა არასოდეს წავა კომპრომისზე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა მხარს უჭერს მშვიდობის დამყარებას უსაფრთხოების გარანტიებით. ამასთან, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ განიხილება, – ამის შესახებ ანკარაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“როგორც ქვეყანას ჩვენ გვინდა მშვიდობა, გვსურს ომის დასრულება, მაგრამ, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ამ ომის დასრულება უსაფრთხოების გარკვეული გარანტიების უზრუნველყოფაზე იყოს დამყარებული.
ჩვენ გვინდა, რომ ეს უსაფრთხოების გარანტიები იყოს უზრუნველყოფილი აშშ-დან, ევროკავშირიდან და მთელი ევროპიდან, მათ შორის თურქეთიდან”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არასოდეს წავა კომპრომისზე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე.
მისივე თქმით, არ შეუძლია “უკრაინის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოქმედება”. “ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად. ისინი უკრაინის ნაწილია”, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
ამავდროულად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევს “ურჩევნია რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების დაბრუნება დიპლომატიური საშუალებებით“.
“ჩვენ არ გვინდა ჩვენი ხალხის დაკარგვა, ხალხი ჩვენი ყველაზე დიდი ქონებაა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ მიმართა “ყველა შუამავალ მხარეს, რუსებს, ამერიკელებს და ევროპელებს” და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას “სურს კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტა, სისხლის ღვრის გარეშე, მაგრამ არასოდეს დათმობს მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს”.
