Logo

ზელენსკი - უკრაინა მზადაა მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის და ჩვენ არ გვეშინია შეხვედრების

უკრაინა
4 საათის წინ / 22:25
131
Frontnews image description

უკრაინა სტამბოლის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შემდეგ ნაბიჯებს მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც რუსეთის ფედერაცია თავისი დელეგაციის შემადგენლობას გამოაქვეყნებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, დღეს მან გუნდთან თურქეთში მოლაპარაკებების ფორმატთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გამართა. მისი თქმით, ის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობის გამხელას ელის და შემდეგ განსაზღვრავს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას უკრაინამ.

"მათგან მომდინარე სიგნალები ჯერ არ არის დამაჯერებელი, თუმცა ჩვენ ასევე გვესმის, რომ პრეზიდენტი ტრამპი თურქეთში ყოფნის შესაძლებლობას განიხილავს. ამიტომ, ეს შეიძლება ყველაზე ძლიერი არგუმენტი გახდეს. ერთ კვირაში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს, მაგრამ შეიძლება... ახლა ეს ყველაფერი წყდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, საომარი მოქმედებების დასრულება ახლა რუსეთზეა დამოკიდებული.

"უკრაინა მზადაა მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის და ჩვენ არ გვეშინია შეხვედრების. ხვალ - თურქეთში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული სამდღიანი "ცეცხლის შეწყვეტის“ (8-11 მაისი) დასრულების შემდეგ, უკრაინამ ევროპელ ლიდერებთან ერთად წამოაყენა მოთხოვნა: 12 მაისიდან - სრული ცეცხლის შეწყვეტა 30 დღის განმავლობაში. უარის შემთხვევაში, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი მკაცრი სანქციების დაწესებით იმუქრებოდა.

საპასუხოდ, პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი ულტიმატუმებს არ იღებს და ამის ნაცვლად შესთავაზა სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება 15 მაისს სტამბოლში. თურქეთი დათანხმდა ამ პროცესში შუამავლის როლის შესრულებას.

აღსანიშნავია, რომ დასავლურმა მედიამ დაწერა, რომ ზელენსკი, სავარაუდოდ, სტამბოლში მოლაპარაკებებს იმიტომ დათანხმდა, რომ არ სურს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განაწყენება. მან ასევე განაცხადა, რომ მზადაა პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. თუმცა, პუტინს ჯერ არ უპასუხია, მზადაა თუ არა პირადად დაესწროს თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებს.

ტრამპმა კი დღეს კვლავ დააანონსა "კარგი" ამბავი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ.

"ვფიქრობ, რომ დღეს და შესაძლოა, ხვალ და, გულწრფელად რომ ვთქვათ, პარასკევს, იქიდან კარგი ამბები იქნება“, - აღნიშნა ტრამპმა.

Advertisement