Logo

ზელენსკი - უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მანამდე მოსკოვმა 12 მაისიდან ცეცხლის შეწყვეტა უნდა დაადასტუროს

უკრაინა
19 საათის წინ / 12:58
Frontnews image description

უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, მანამდე მოსკოვმა 12 მაისიდან ცეცხლის შეწყვეტა უნდა დაადასტუროს, - ამის შესახებ უკრაინას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ "კარგი ნიშანი" უწოდა იმას, რომ რუსები ომის დასრულებაზე ფიქრობენ. მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი ომის რეალური დასრულების პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტაა.

ზელენსკიმ უპასუხა პუტინის სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების შეთავაზებას და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა შეხვედრებისთვის, მაგრამ მანამდე ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს.

"აზრი არ აქვს მკვლელობების გაგრძელებას ერთი დღითაც კი. ჩვენ ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას - სრულ, გრძელვადიან და საიმედოს ხვალიდან, 12 მაისიდან და უკრაინა მზად იქნება შეხვედრისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

10 მაისს კიევში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ჩავიდნენ. შეხვედრის შემდეგ, ზელენსკიმ, მაკრონმა, მერცმა, სტარმერმა და ტუსკმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაურეკეს. მოლაპარაკებების შედეგად, უკრაინამ განაცხადა, რომ მზად იყო სრული ცეცხლის შეწყვეტისთვის ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, 12 მაისიდან დაწყებული.

ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ თუ რუსეთი არ დათანხმდებოდა ცეცხლის შეწყვეტას, მას ახალი სანქციები დაეკისრებოდა.

საპასუხოდ, ვლადიმერ პუტინმა ფაქტობრივად უარყო ცეცხლის შეწყვეტის წინადადება კრემლში გამართულ პრესკონფერენციაზე. მან უკრაინას შესთავაზა 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება წინაპირობების გარეშე.

Advertisement