ზელენსკი - უკრაინის დელეგაციამ იცის, როგორ დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესები და რუსეთის კიდევ ერთი შემოჭრა არ დაუშვას

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის მშვიდობის მისაღწევად კონსულტაციები გაიმართება. უკრაინის დელეგაციამ იცის, როგორ დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესები და რუსეთის კიდევ ერთი შემოჭრა არ დაუშვას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"ჩვენმა წარმომადგენლებმა იციან, როგორ დაიცვან უკრაინის ეროვნული ინტერესები და რა არის საჭირო იმისათვის, რომ რუსეთმა მესამე შემოჭრა ვერ განახორციელოს, კიდევ ერთი თავდასხმა უკრაინაზე - ისევე, როგორც მან წარსულში გაიმეორა დანაშაული ჩვენი ხალხისა და სხვა ერების წინააღმდეგ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა დელეგაციის შემადგენლობის შესახებ ბრძანებულებას და დაამტკიცა ყველა შესაბამისი დირექტივა.
მისივე თქმით, განსახილველი საკითხი ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ კონკრეტული დოკუმენტის კონკრეტული პუნქტები.
"უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროპასა და მსოფლიოში არსად არსებობს პრინციპი, რომ ხალხისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, სახელმწიფოებისა და ხალხის წინააღმდეგ, შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ჯილდო და პატიება. ნამდვილი მშვიდობა ყოველთვის გარანტირებულ უსაფრთხოებასა და სამართლიანობაზეა დაფუძნებული. და ეს გრძნობა მხოლოდ ჩემი არ არის - ვიცი, რომ ეს ჩვენი მილიონობით ადამიანის და მთელ მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობის გრძნობაა", - განაცხადა ზელენსკიმ.
ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა ახალი "სამშვიდობო გეგმა" უკრაინაში ომის დასრულების მიზნით. ის 28 პუნქტისგან შედგება, თუმცა საკმაოდ საკამათო კომპონენტებს შეიცავს.
მედიის ცნობით, უკრაინა დონბასიდან უნდა გავიდეს, შეამციროს თავისი სამხედრო ძალები, უარი თქვას შორი მოქმედების იარაღზე და სხვა. სანაცვლოდ, ქვეყანა მიიღებს ნატოს მსგავს უსაფრთხოების გარანტიებს.
როგორც ცნობილია, კიევს ამ გადაწყვეტილებაზე დასათანხმებლად ვადა 27 ნოემბერი აქვს. გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკი ამ გეგმას უნდა დაეთანხმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ის არ მოეწონება, უკრაინას ბრძოლის გაგრძელება მოუწევს.
ამავდროულად, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან ერთად ცდილობს აშშ-ის სამშვიდობო გეგმის პუნქტების ისე გადაწერას, რომ ისინი კიევისთვის სამართლიანი გახდეს.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინელი და აშშ-ის ოფიციალური პირები უახლოეს დღეებში შვეიცარიაში კონსულტაციებს გამართავენ რუსეთთან სამომავლო შეთანხმებასთან დაკავშირებით.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


