ზელენსკი - ვგრძნობთ, რომ ამერიკას სურს საბოლოო შეთანხმების მიღწევა და სრულად ვთანამშრომლობთ

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა კვლავაც მუდმივ კონტაქტშია შეერთებულ შტატებთან და მოუთმენლად ელის სამშვიდობო შეთანხმებაზე შემდგომ მუშაობას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ მოისმინა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის რუსტემ უმეროვის და გენერალური შტაბის უფროსის ანდრეი გნატოვის დღევანდელი ანგარიში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ.
"ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ამერიკასთან და მოუთმენლად ველით შემდგომ მუშაობას. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამერიკას სურს საბოლოო შეთანხმების მიღწევა და ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ. უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინა აქტიურად მუშაობს დოკუმენტებზე და უზრუნველყოფს, რომ ისინი „რეალისტური“ იყოს.
"მთავარია, რომ რუსეთმა არ ჩაშალოს ეს დიპლომატია და 100%-ით სერიოზულად იყოს განწყობილი ომის დასრულების საკითხში. თუ არა, რუსეთზე დამატებითი ზეწოლა უნდა მოხდეს. მსოფლიოს აქვს ყველა ინსტრუმენტი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ზეწოლამ იმუშაოს და მშვიდობა დამყარდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




