Logo

ზელენსკი – ვმუშაობთ მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნაზე, ეს არის ჩემი ვიზიტების ერთ-ერთი მიზანი

უკრაინა
1373
Frontnews image description

ევროპის ქვეყნებში ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი საბრძოლო თვითმფრინავების კოალიციის შექმნაზე მუშაობაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა.

 

“ჩვენ ახლა ვმუშაობთ მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნაზე და ჩემი ვიზიტების ნაწილი ევროპის დედაქალაქებში სწორედ ამისკენაა მიმართული. ვფიქრობ, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ. დღეს მე მივმართავ გერმანიის მხარეს, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინას ამ კოალიციაში. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, შეხვედრის მეორე ნაწილში ის გერმანიის კანცლერთან ერთად მოიერიშე თვითმფრინავების საკითხს განიხილავს.

 

კონფერენციაზე შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია ძალიან დაეხმარა უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან და დღეს აუცილებელია რუსეთის იძულება, რომ დატოვოს უკრაინის  ტერიტორია.

 

“ჩვენ უკვე ბევრი გვაქვს მიწოდებული საჰაერო თავდაცვის კუთხით, ისევე როგორც სხვა იარაღი, სხვადასხვა საარტილერიო სისტემები. ეს არის ის, რაზეც ჩვენ კონცენტრირებული ვართ”, – განაცხადა კანცლერმა. 

 

ამასთან, ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არ აპირებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმას, რადგან ამით არ არის დაინტერესებული და ასევე არ აქვს ამისთვის დამატებითი დრო, ძალები და იარაღი.

 

“ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით დეოკუპაციისთვის კონტრშეტევითი ქმედებების მომზადებაზე საერთაშორისო სამართლისა და ჩვენი კონსტიტუციის შესაბამისად. საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებული ჩვენი ტერიტორიის დეოკუპაციისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტი გერმანიაში რომიდან ჩავიდა, სადაც შეხვედრები გამართა იტალიის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და რომის პაპთან. დღესვე ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა.

Advertisement