Logo

ზელენსკი - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მეშვიდე დღეა, გენერატორებზე მუშაობს, ერთ-ერთი მათგანი უკვე დაზიანდა, სიტუაცია კრიტიკულია

უკრაინა
223
Frontnews image description

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მეშვიდე დღეა საგანგებო მდგომარეობაშია, სადგური გენერატორებზე მუშაობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"მეშვიდე დღეა, - და, სხვათა შორის, ეს აქამდე არასდროს მომხდარა - რაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ავარიულ მდგომარეობაშია. სიტუაცია კრიტიკულია. რუსული დაბომბვის გამო, სადგური გათიშულია ელექტროქსელიდან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, სადგური ამჟამად ელექტროენერგიას დიზელის გენერატორებიდან იღებს, რომლებიც ამ ტიპის ოპერაციისთვის არ არის განკუთვნილი. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი გენერატორი მწყობრიდან გამოვიდა.

"სწორედ რუსები არიან ისინი, ვინც დაბომბვის გამო ხელს უშლიან სადგურის ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთებას და ძირითადი უსაფრთხოების აღდგენას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

23 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკვე მეათედ ელექტროენერგიის მიწოდება გაეთიშა.

25 სექტემბრის საღამოს, ვლადიმერ პუტინი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურ დირექტორს რაფაელ გროსის შეხვდა.

გროსიმ საუბარს "დროული და მნიშვნელოვანი“ უწოდა, თუმცა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები არ გამოცხადებულა.

უკრაინის ბირთვული ენერგიის სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარემ და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა, ოლეგ კორიკოვმა აღნიშნა, რომ ამ სიტუაციამ შეიძლება უარესი სცენარი გამოიწვიოს.

Advertisement