Logo

ზელენსკიმ სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და ტყვეების გაცვლის გეგმა დაადასტურა 

უკრაინა
139
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთის თანხმობა 1000-ზე 1000 ტყვის გაცვლასა და 9, 10 და 11 მაისს ცეცხლის შეწყვეტაზე.

"უკრაინის დამატებითი არგუმენტი ჩვენი პოზიციის განსაზღვრისას ყოველთვის არის ამ ომის ერთ-ერთი მთავარი ჰუმანიტარული საკითხის გადაწყვეტა, კერძოდ, სამხედრო ტყვეების გათავისუფლება. წითელი მოედანი ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომელთა სახლში დაბრუნებაც შესაძლებელია“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ამერიკული მხარის შუამავლობით წარმოებული მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში, უკრაინამ რუსეთისგან თანხმობა მიიღო 1000 სამხედრო ტყვის 1000-ზე გაცვლის განხორციელებაზე.

"ასევე, 9, 10 და 11 მაისს უნდა დამყარდეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. უკრაინა განუწყვეტლივ მუშაობს რუსული ტყვეობიდან თავისი მოქალაქეების დასაბრუნებლად. მე დავავალე ჩვენს გუნდს, რომ დროულად მოამზადოს ყველაფერი, რაც საჭიროა გაცვლისთვის.

მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტს და მის გუნდს ეფექტური დიპლომატიური ჩართულობისთვის. ჩვენ ველით, რომ შეერთებული შტატები უზრუნველყოფს რუსეთის მიერ შეთანხმებების შესრულებას“, - აცხადებს ზელენსკი.

იქამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდებოდა.

"სიამოვნებით გაცნობებთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში გამოცხადდება სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა (9, 10 და 11 მაისს). ცეცხლის შეწყვეტა მოიცავს ყველა საბრძოლო მოქმედების შეჩერებას, ასევე 1 000 ტყვის გაცვლას ორივე მხრიდან. ეს მოთხოვნა უშუალოდ ჩემი მხრიდან იქნა დაყენებული. დიდად ვაფასებ, რომ მას დაეთანხმნენ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. იმედია, ეს იქნება დასაწყისი იმ ძალიან ხანგრძლივი, სისხლიანი და მძიმე ომის დასასრულისა. მოლაპარაკებები კონფლიქტის დასრულებაზე გრძელდება და ჩვენ ყოველდღიურად უფრო და უფრო ვუახლოვდებით შედეგს“, – წერს ტრამპი.

ამასთან, უკრაინამ ოფიციალურად გამოსცა განკარგულება, რომ რუსეთმა 9 მაისს, ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში, მოსკოვში სამხედრო აღლუმის ჩატარება შეძლოს.

"ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, რომლებიც 2026 წლის 8 მაისს ამერიკულ მხარესთან გამართულ მოლაპარაკებებში იყო განსაზღვრული და მრავალრიცხოვანი თხოვნების გათვალისწინებით, ვადგენ: დავუშვათ 2026 წლის 9 მაისს რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ მოსკოვში, სამხედრო აღლუმის ჩატარება. აღლუმის დროს (2026 წლის 9 მაისს, კიევის დროით დილის 10:00 საათიდან) მოსკოვის წითელი მოედნის ტერიტორიული კვადრატი გამოირიცხოს უკრაინული შეიარაღების გამოყენების გეგმიდან“, – აღნიშნულია ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები