Logo

ზუგდიდში მამა-შვილი სავარაუდოდ, პოლიციელებმა დაჭრეს

Frontnews image description

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მამა-შვილი სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომლებმა დაჭრეს. 

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მათ, სავარაუდოდ, ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტრაბანდული სიგარეტი გადმოჰქონდათ.

დაჭრილი მამა-შვილის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ზუგდიდის საავადმოყოფოში განმარტავენ, დაშავებულებს სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები, სხეულის სხვადასხვა ნაწილში აქვთ მიყენებული.

"კლინიკაში შემოიყვანეს მამა-შვილი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით. შვილს აქვს გულმკერდის მეოთხე მალის განივი მორჩის მოტეხილობა, ზურგის ტვინის დაჟეჟილობა. მამას ტერფის არეში ნაფლეთ- ნაგლეჯი ჭრილობა. ორივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, გრძელდება კვლევები და შესაბამისი მკურნალობა", – აცხადებენ ზუგდიდის საავადმყოფოში. 

დაჭრილის დედის განცხადებით, მის შვილს და მეუღლეს კონტრაბანდული სიგარეტი ნამდვილად ჰქონდათ, თუმცა მათ პოლიციამ გაფრთიხლების გარეშე ესროლა და შემდეგ ორივეს ფიზიკურად გაუსწორდა.

"გამოძიება მიმდინარეობს, ვნახოთ რაც იქნება. ჩემთვის მთავარია ჩემი შვილი დადგეს ფეხზე. ოთხი იყვნენ. განსხვავებაა კრიმინალსა და კონტრაბანდას შორის, კარგი, იყო კონტრაბანდისტი, კრიმინალივით რატომ ექცევი. ცემას, ტყვიის სროლას, შეურაცხყოფას, ორივეს, მამას და შვილსაც ტყვია აქვს მოხვედრილი. პირდაპირ, დააწვინეს და ზურგში ესროლეს, სად იყო გაფრთხილება, არანაირი გაფრთხილება. მიახტა ბავშვს, დააგდო მიწაზე და დამიზნებით ესროლა. მთელი სოფელი იცნობს ჩემს შვილს. ორი ყუთი სიგარეტი ჰქონდათ, ვამბობ ამას. არ გვაქვს საშუალება. ვართ მრავალშვილიანი, არავინ გვეხმარება. თავის გადასარჩენად, ჩემმა შვილმა წამოიღო ორი ყუთი. არაკანონიერი იყო პოლიციის მოქმედება. გაფრთხილების გარეშე ომოქმედეს", – განაცხადა ხათუნა ოკუჯავამ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები