ზურაბ ჯაფარიძე - ამერიკას აქ აქვს გრძელვადიანი ინტერესები, რომელიც არ შეცვლილა

ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის მხრიდან პოზიცია არ შეცვლილა, საუბარი არის იმაზე, რომ კონკრეტულად ეუბნებიან, რა არის გასაკეთებელი და "ქართული ოცნება" აქედან არაფერს არ აკეთებს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" პირობებში აშშ-სთან ურთიერთობა ვერ დალაგდება.
"ამერიკას აქ აქვს გრძელვადიანი ინტერესები, რომელიც არ შეცვლილა, ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის სუვერენიტეტის გადარჩენისთვის, ისევე როგორც მომავალი გრძელვადიანი განვითარების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.
სენატში გასვლის შესაძლებლობები, მე მგონი, ამჯერად უფრო მაღალია იმიტომ, რომ ისეთი ადამიანი, რომელიც ბლოკავდა წინაზე "მეგობარ აქტს", ის აღარ არის სენატში.
ამერიკის მხრიდან პოზიცია არ შეცვლილა, საუბარი არის იმაზე, რომ კონკრეტულად ეუბნებიან, რა არის გასაკეთებელი და "ქართული ოცნება" აქედან არაფერს არ აკეთებს, მცდელობა აქვთ, რუბიოს ხელი ჩამოართვან, რომ მერე გაყიდონ ამერიკასთან დავალაგეთო, არაფერი არ დალაგდება", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 8 ივნისს მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევასა და შესაძლო თანამშრომლობას ეხება. კანონპროექტის ავტორები რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი და დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი არიან. გასაიდუმლოებული ანგარიშის მომზადების გარდა, კანონპროექტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ აშშ-ის ხუთწლიანი სტრატეგიის შემუშავებას ავალებს. დოკუმენტმა უნდა შეაფასოს ორმხრივი თანამშრომლობა, ამერიკული ფინანსური მხარდაჭერის ეფექტიანობა და საქართველოს შიდა პოლიტიკური გარემო. ასევე უნდა განისაზღვროს, რამდენად შეესაბამება აშშ-ის ინტერესებს საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობის გაგრძელება და მომავალში მსგავსი თანამშრომლობისთვის რესურსების გამოყოფა.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე




