ზურაბ ჯაფარიძე - ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია, გავა ბოლომდე, ამოქმედდება და ამის სუსხს იგრძნობს ყველა "ქოცი" ამ ქვეყანაში


ავტორი
Front News საქართველო
მიზნებში პირდაპირ წერია, რომ ეს კანონპროექტი მიმართულია საქართველოში რუსეთის, ჩინეთის და ირანის გავლენებთან დასაპირისპირებლად, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ კანონპროექტის სუსხს იგრძნობს ყველა „ქოცი“ ამ ქვეყანაში.
"კანონპროექტის სულისკვეთება ცალსახაა, მიზნებში პირდაპირ წერია, რომ ეს კანონპროექტი მიმართულია საქართველოში რუსეთის, ჩინეთის და ირანის გავლენებთან დასაპირისპირებლად. კანონპროექტი ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტის მომზადებას ითვალისწინებს. ერთი, ეს არის ანგარიში იმის თაობაზე, თუ რა აქტივებს ფლობს საქართველოში რუსეთის ფედერაცია და ამ შემთხვევაში საუბარი უძრავ ქონებაზე არ არის, საუბარია კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ მუშაობენ და მეორე, ეს არის, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული დოკუმენტი, როგორ უნდა გადაიხედოს ამერიკის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით. ამ კანონპროექტით პრაქტიკულად, „ქართული ოცნების“ რეჟიმი, რომელიც დღეს ამ ქვეყანას მართავს, ამერიკის შეერთებული შტატების მტრად არის გამოცხადებული, ამერიკის შეერთებული შტატების მტრებს რა ემართებათ, ნებისმიერს შეუძლია ნახოს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში.
ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია, გავა ბოლომდე, შემდეგ ამოქმედდება და ამის სუსხს იგრძნობს ყველა „ქოცი“ ამ ქვეყანაში. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პოლიტპატიმრის სტატუსით ზის ციხეში, ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველ საღამოს გამოდის რუსთაველის გამზირზე და სხვადასხვა ტიპის აქციებში იღებს მონაწილეობას. ამ 5-თვიანმა პროტესტმა, აქციებმა და თავისუფლების ბრძოლამ ეს შედეგი მოიტანა, რაც გუშინ ვნახეთ. 9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით აქციაა დაგეგმილი, სხვადასხვა ლოკაციიდან ეწყობა მსვლელობები, „კოალიციის“ მსვლელობა „ავლაბრის“ მეტროდან 17:00 საათზე დაიწყება“ , - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით - "საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა. ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე