ზურაბ ჯაფარიძე – საბჭოთა ტიპის მმართველობის სისტემას ვებრძვით, სადაც უშიშროების სამსახურები და ბევრი ფული მართავს ქვეყანას

ავტორი
Front News საქართველო
საბჭოთა ტიპის მმართველობის სისტემას ვებრძვით, სადაც უშიშროების სამსახურები და ბევრი ფული მართავს ქვეყანას, – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, უპერსპექტივოა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოებული “ეროვნული თანხმობის” პროცესი და ვერც მასობრივი შიმშილობის აქცია მოიტანს შედეგს, საბჭოთა მმართველობის ტიპის რეჟიმთან დასაპირისპირებლად სხვა გზებია საძებნელი.
“მე მჯერა, რომ ბოლო 2 არჩევნები გაყალბდა, რომ ახლა, ჯამში, გვყავს უზურპატორი ხელისუფლება. ოპოზიციამ ვერ შეძლო გამარჯვების ფაქტობრივად გაფორმება, რადგან რთულ სისტემას ვებრძვით, ჩვენ პრაქტიკულად გვაქვს საბჭოთა ტიპის მმართველობის სისტემა, სადაც უშიშროების სამსახურები და ბევრი ფული მართავს ქვეყანას, აკონტროლებს ძალაუფლების ყველა წერტილს, არ თმობს ძალაუფლების არცერთ წერილს, მეტიც, სადაც შესაძლებლობა აქვს, პირიქით, უფრო და უფრო იმყარებს ამ ძალაუფლებას. ამ სისტემის შიგნით ვცხოვრობთ ჩვენ ყველა. ამ რესურსებს იყენებენ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, რომ ეს მოცემულობა გახანგრძლივდეს და ძალაუფლება რაც შეუძლება დიდხანს შეინარჩუნონ.
ამათთან ბრძოლა არ არის მარტივი ამბავი, ისევე როგორც არ იყო მარტივი საბჭოთა კავშირთან ბრძოლა. იმის საკმარისი ძალა, რომ ეს სისტემა ჩვენ ჩამოგვეშა და გაგვეფორმებინა, ის რაც იყო საქართველოს მოსახლეობის ნება, ვერ შეევძელით, ამიტომ რაღაცები არის გადასააზრებელი.
მეტი კომუნიკაცია, კომუნიკაციის შინაარსის შეცვლა და იმის ახსნა, თუ რა ტიპის სისტემას ვებრძვით, რომ ეს არ არის პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირება, რომ ეს არის მძლავრ მონოლითურ სისტემასთან ბრძოლა”, – განაცხადა ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე




