Logo

ზურაბ ჯაფარიძე - სამ რამეზე შევთანხმდით და ამ სამი რამის მიღმა ყველა დამოუკიდებელი და თავისუფალია

პოლიტიკა
54
Frontnews image description

საბოლოო ჯამში, ბოლო ბრძოლა იქნება არჩევნები, ნებისმიერ შემთხვევაში. ეს შეიძლება იყოს ისეთ დროს, როცა რეჟიმი მთლიანად ჩამოშლილია, ან მნიშვნელოვნად ჩამონგრეულია, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ალიანსის შეთანხმება ორ ძირითად თემას ეხება - ბრძოლის სტრატეგიას და ერთად მოქმედების წესებს.

"დოკუმენტში წერია, რაზე შევთანხმდით ჩვენ, იქ არის ორი რამ, რაზეც შევთანხმდით - ბრძოლის სტრატეგიაზე და ერთად მოქმედების წესებზე. ერთად მოქმედების წესები გაწერილი არის ცალკე ქცევის კოდექსად, სადაც მთავარი არის, რომ პერსონალური თავდასხმები არ იყოს. ეს არ გულისხმობს, რომ ერთმანეთი არ გავაკრიტიკოთ, თუ რაღაც ისეთი ითქმება ან გაკეთდება, რომელსაც მე შეიძლება არ ვეთანხმებოდე, მაგაზე აზრის დაფიქსირება არ აგვიკრძალავს.

სტრატეგიას რაც შეეხება, მანდ გაწერილია, რომ არაღიარება და ართანამშრომლობა რეჟიმთან, მეორე - პროტესტის გაგრძელება, ქუჩა დავარქვათ ამას და მესამე - გარედან წნეხის გაძლიერება. ჩემი აზრით, ამ სამი მიმართულებით შეგვიძლია ბევრად უფრო ეფექტურად მუშაობა ერთად. ამის მიღმა ნებისმიერ პარტიას შეუძლია წავიდეს და თავისი იდეოლოგია იქადაგოს. ადამიანი, რომ ფასებზე დამელაპარაკება, მე შემიძლია ჩემი ხედვა ვუთხრა ამასთან დაკავშირებით. 

გარდა ამისა, წარმოიდგინეთ, რომ ტრაზიციული პერიოდია, რეჟიმის დამარცხების შემდეგ რაზე ვართ შეთანხმებული - ამ საკითხში პირდაპირ არის გადმოწერილი ის, რაც წერია ქართულ ქარტიაში - ეს არის ის, რაც არის ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ის, რაც არის ეუთო ოდირის რეკომენდაციები და არის სხვადასხვა ცვლილებები. იმის თქმა მინდა, რომ ქარტიაზე ხელი რომ მოვაწერეთ, ეს არის ის, რაზეც კონსენსუსი გვქონდა პარტიებს, მათ შორის მათ, ვინც ალიანსის გარეთაა, "ლელო" იქნება ეს თუ "გახარია". სამ რამეზე შევთანხმდით და ამ სამი რამის მიღმა ყველა დამოუკიდებელი და თავისუფალია. შეთანხმება ევროკავშირში გაწევრიანებასაც შეეხებოდა და ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი, გავიდეს ეს ქვეყანა სამშვიდობოს და გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი.

ალიანსის წესებში  წერია, რომ არ უნდა გააკეთო ისეთი რაღაც, რაც დააზიანებს ალიანსს. ამ დოკუმენტის შექმნის შინაარსი ეგ არის, რომ იქ, სადაც ნდობა არსებობს, მივდივართ წინ. ეს დოკუმენტი არის დაწერილი იმისთვის, რომ დავაზღვიოთ ერთმანეთთან მიმართებით ქცევა და რიტორიკა. 

საბოლოო ჯამში, ბოლო ბრძოლა იქნება არჩევნები, ნებისმიერ შემთხვევაში. ეს შეიძლება იყოს ისეთ დროს, როცა რეჟიმი მთლიანად ჩამოშლილია, ან მნიშვნელოვნად ჩამონგრეულია, მაგრამ არჩევნებში იქნება ჭიდაობა. ასეთ დროს შევდივართ არჩევნებში. თუ იქამდე მივედით, რომ რეჟიმს 20 პუნქტიდან 17-ის შესრულება ვაიძულეთ, ჩვენ იმდენად ძლიერები ვიქნებით, რომ ჩვენ ვწყვეტთ, შევიდეთ ბრძოლაში და ვებრძოლოთ რეჟიმს. 

მე ორი სცენარი წარმომიდგენია - ან ისე ვმობილიზდებით, რომ ბიძინა გარბის და ვატარებთ არჩევნებს, ან ჩვენ გვიწევს ჭიდაობა, მაგრამ ისეთ ძალას ვაჩვენებთ, რომ იძულებულები არიან დათმონ ბევრი რამ. ეს პროცესი არის იმისთვის, რომ მოქალაქეები დავარწმუნოთ - ხალხი უნდა ჩაებას ამ პროცესში", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

საკონსულტაციო შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური ერთობა შედგა. ალიანსში 9 პარტია გაერთიანდა. როგორც ალიანსის წევრები აცხადებენ, ეს არის ერთობა გამარჯვებისთვის.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები