Logo

ზურაბ პატარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

რეგიონები
80
Frontnews image description

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ ღორჯომის და დაბა ხულოს მოსახლეობას შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე ადგილობრივ ოჯახებსაც ესტუმრა, მოისმინა ინფორმაცია ადგილობრივების საჭიროებების და მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევების შესახებ.

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი მთის გაძლიერებაა, რასაც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება სჭირდება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია თითოეულმა ოჯახმა საკუთარ სოფელში შეძლოს ღირსეული ცხოვრება, დასაქმება და მეტი შემოსავლის მიღება.

"ძალიან თბილი შეხვედრა გამოგვივიდა მაღალმთიანეთში მოსახლეობასთან. კურორტი გოდერძი ნათელი მაგალითია იმის, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მთაში ინვესტიციების მოზიდვას. ამ პროცესის პარალელურად, აქტიურად გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიცაა სოფლების გაზიფიცირება, გზების მოწესრიგება და გარემოს დაცვა - მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ტყესა და ბუნებრივ რესურსებს, რადგან სწორედ ტყის გაჩეხვა იწვევს ზვავსაშიშროებას და შესაბამისად, მასიურ მიგრაციას მუნიციპალიტეტებიდან.

ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს „ჩვენებურების“ მიმართ. ჩვენ ერთად აუცილებლად ჩავალთ სამცხე-ჯავახეთში, წალკაში, კახეთში, ნასაკირალში, ზოდში - ყველგან შევხვდებით ჩვენს ეკომიგრანტებს და ვაგრძნობინებთ, რომ აჭარის ხელისუფლება მათ გვერდითაა" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ

შეხვედრებზე, ყურადღება გამახვილდა ხულოს მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალზე და აღინიშნა, რომ ბეშუმის, მწვანე ტბის, შავი ტბისა და ალპური ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციას სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.

ზურაბ პატარაძის თქმით, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში, რათა მეტი წარმატება და მეტი შესაძლებლობა შეიქმნას რეგიონის მოსახლეობისთვის.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები