ზურაბ ცეცხლაძე – ამ სასამართლოსგან არავის არანაირი მოლოდინი არ აქვს

ავტორი
Front News საქართველო
ამ სასამართლოსგან არავის არანაირი მოლოდინი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას ძალაში დატოვებს, – ამის შესახებ დაკავებული აქტივისტი ზვიად ცეცხლაძის მამამ ზურაბ ცეცხლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა სასამართლო პროცესი იდენტურია.
“ამ სასამართლოსგან არავის არანაირი მოლოდინი არ აქვს, ყველა პროცესი იდენტურია. დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას ძალაში დატოვებს. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს დასაშვებად ცნობს, ხოლო დაცვის მხარის მტკიცებულებებს პრობლემები შეექმნება და უმრავლესობას დაუშვებლად ცნობს. ჩემი შვილის მიმართ, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებები – მის მიერ გავრცელებული პირდაპირი ვიდეო ჩანაწერი, სადაც ის გავეშებული პოლიციელებისგან თავდაცვასა და მოგერიების ფორმებზე საუბრობს”, – განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული აქტივისტების პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე შუამდგომლობა იქნება დაყენებული მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით.
დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთა ემუქრებათ. გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
ზურაბ ცეცხლაძე




