ზვიად ქორიძე – ჟურნალისტებზე თავდასხმების გახშირებული მცდელობები ნათლად გამოხატავს “ქართული ოცნების” პოლიტიკური ნების არქონას

ავტორი
Front News საქართველო
ჟურნალისტებზე თავდასხმების გახშირებული მცდელობები ნათლად გამოხატავს “ქართული ოცნების” პოლიტიკური ნების არქონას, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეგიონული ოფისების მენეჯერმა ზვიად ქორიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ კრიტიკული მედიები დასჯის მიზნით რამდენჯერმა დააჯარიმა.
“2024 წელს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოიკვეთა კომუნიკაციების კომისიის უარყოფითი როლი კრიტიკული მაუწყებლების წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა წინასაარჩევნო პერიოდში, რა დროსაც კომისიამ “ქართული ოცნების” საჩივრების საფუძველზე ხელისუფლებისადმი კრიტიკულ ტელევიზიებს სამართალდარღვევის არაერთი სადავო ოქმი შეუდგინა, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ ისინი დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა “მედიაომბუდსმენმაც” და თქვა, რომ კომისია სასამართლოსთან ერთად გახდა თანამონაწილე, საარჩევნო პერიოდში კიდევ ერთხელ დასჯილიყვნენ კრიტიკული მედიასაშუალებები.
მართალია, წინასაარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისიამ რამდენიმე სამართალდარღვევის ოქმი პროსამთავრობო მაუწყებლებსაც შეუდგინა, თუმცა, მთლიანობაში, ეს ვერ დააბალანსებს იმ გამოუსწორებელ ზიანს, რაც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებით კრიტიკულ ტელევიზიებსა და ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოს მიადგა.
ჟურნალისტებზე თავდასხმების, მათ მიმართ მუქარისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაშინებისა და დისკრედიტაციის გახშირებული მცდელობები ნათლად გამოხატავს “ქართული ოცნების” პოლიტიკური ნების არქონას მედიაგარემოს გაუმჯობესებისა და ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფის კუთხით”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.
თაგები:
ზვიად ქორიძე




