სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 15 ადამიანი, მათ შორის, აქციის 11 მონაწილე, მედიასაშუალებების სამი თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი წარმომადგენელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
მისივე ინფორმაციით, 3 დეკემბრის აქციაზე გადაუდებელი დახმარების 20-ზე მეტი ბრიგადა იყო მობილიზებული.
“3 დეკემბერს, საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 15 ადამიანი, მათ შორის, აქციის 11 მონაწილე, მედიასაშუალებების სამი თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი წარმომადგენელი.
საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20-ზე მეტი ბრიგადა. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის, მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია.
აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს”, – აღნიშნულია განცხადებაში.