spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტისა და ოპოზიციის სარჩელები წარმოებაში არ მიიღო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.

“არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ და საქართველოს პარლამენტის წევრების (თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და სხვები (სულ 30 წევრი)) კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ“)”, – აღნიშნულია გადაწყვეტილების ტექსტში.

გადაწყვეტილება შემდეგი შემადგენლობის პლენუმმა მიიღო: მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, ხვიჩა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ ტუღუში.

განსხვავებული აზრი ორმა მოსამართლემ – თეიმურაზ ტუღუშმა და გიორგი კვერენჩხილაძემ დააფიქსირეს.

გიორგი კვერენჩხილაძემ განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, რომელიც საზღვარგარეთ ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას ეხებოდა, თეიმურაზ ტუღუშმა კი კენჭისყრის ფარულობასა და საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.

განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

პრეზიდენტის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 19 ნოემბერს შევიდა. არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მოითხოვდა არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას. იგივე შინაარსის სარჩელით მიმართა საკონსტიტუციოს 30-მა პოლიტიკოსმა. საკონსტიტუციომ სარჩელები გააერთიანა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები