ამინდის პროგნოზი

რეპორტაჟი "გაღმა ნაპირიდან"

 
22 July, 2016   7 თვის 4 კვირის წინ
 
4743

შორეული ბავშვობიდან ჩამესმოდა მისი სახელი, მის ხსენებაზე უფროსები ყოველთვის ოხრავდნენ, აუცილებლად შევნიშნავდი ფარულ  ცრემლს და იდუმალი მონატრების სევდასაც, რომელიც იმ ასაკში ჩემთვის გაუგებარი იყო, რადგანაც აღნიშნული პრობლემის აღქმის საშუალებას არ მაძლევდა ის ფაქტი, რომ აფხაზეთში ზაფხულობით ჩავდიოდი ხოლმე, ბებიასთან და მქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავი ორივე მხარეს. ამაში არავინ მზღუდავდა მაშინ. როდესაც წამოვიზარდე და ჩემი იქ ჩასვლა საფრთხესთან იყო დაკავშირებული, პირველად ამ დროს ვიგრძენი თუ რაოდენ რთულია, როცა მშობლიურ მიწაზე ფეხს ვერ დგამ. 

2016 წლის 13 ივლისს, საზღვარგარეთ მივლინებაში მყოფს მაცნობეს, რომ აფხაზეთში ჩასვლის საშუალება მომეცა. ყველა მნიშვნელოვან საქმეს ვდებ და საქართველოში მივემგზავრები. პირველივე რეისით მივფრინავ ბათუმში,  მეგობრები აეროპორტშივე მხვდებიან. მიხარია, რომ გარდა მეგობრობისა, ახლა ჩვენ სხვა რამეც გვაერთიანებს - ენგურსგაღმა საქართველო, სადაც ჩემი მშობლების მოგონებებთან ერთად, ის იმედიც ცოცხლობს, რომელმაც ენგურის ხიდზე აღმართული სიძულვილის ხიდი უნდა დაანგრიოს. ენგურის ხიდთან ცეცხლსასაროლი იარაღის მონუმენტის  მიმართაც იგივე განცდა მიჩნდება. იგი თითქოს გაფრთხილებაა, რომ არასოდეს გამოვკრათ სასხლეტს ხელი დაუფიქრებლად, ისე როგორც ეს იმ ავადსახსენებელ 1992 წლის აგვისტოში მოხდა. ახლა ვფიქრობ, რომ მოვა დრო, როცა აქ მშვიდობის სიმბოლოს დადგამენ ქართველები და აფხაზები, ერთად გამოიტირებენ იმ შეცდომებს, რომელმაც ამ ეგრეთწოდებული საზღვრის რეალობა გააჩინა და ეს დრო ჩვენ - ახალმა თაობამ უნდა დავაჩქაროთ.

ხიდს როგორც კი გადავედი, აფხაზურ პოსტს მივადექი. მებაჟეები ძირითადად ახალგაზრდები არიან. სადღაც ჩემი საშვი უნდა იყოს-მეთქი მივმართე. მათაც დაუბრკოლებლად მომაწოდეს დოკუმენტი და საუკეთესო მისურვეს. შემდეგ რუსი მესაზღვრეების პასპორტკონტროლს ვუახლოვდები. პასპორტს ვაწოდებ და გაკვირვებულ მზერას ვაწყდები, რასაც უცნაური კითხვა ემატება. ნაცვლად იმისა, რომ მკითხოს რა მიზნით ვარ ჩამოსული აფხაზეთში, რუსი "მესაზღვრე" მეკითხება, ასე ხშირად უკრაინას რა მიზნით სტუმრობო. არ მიკვირს რუსი სამხედროს ცნობისმოყვარეობა. ველიკორუსულმა ლოგიკამ აქაც ისე იმუშავა, როგორც წლებია, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მიმართ მუშაობს. ვუპასუხე, რომ სხვადასხვა მიზნით მიწევს უკრაინაში ჩასვლა, ძირითადად კი მეგობრების სანახავად-მეთქი. 


რატომღაც გამიშინაურდა,  საუბარი გამიბა და ზედმეტად უაზრო კითხვების დასმა გააგრძელა. უცნაური განცდა გამიჩნდა, ვიგრძენი, რომ მას ჰქონდა განზრახვა, როგორმე დაებრკოლებინა ჩემი გადასვლა ხიდზე. და როცა აფხაზური მხარის ცვლის უფროსი მოგვიახლოვდა, რომელმაც ჩემი პასპორტი ხელიდან გამოსტაცა,  ბოლო- აფხაზურ პოსტთან მიმიყვანა, ტაქსში ჩამსვა, მგზავრობის თანხა- 3000 რუბლი გადაიხადა და კეთილი მგზავრობა მისურვა, ჩემი ასოციაციები უფრო გამიმყარდა. არა, შეუძლებელია.... თვით დიდი იმპერიაც კი ვერ შეძლებს ადამიანები ამოაგდოს საკუთარი წარსულიდან. 

დაუბრკოლებად ჩავედი გუდაუთაში. გზად სინანულით შევყურებდი ომის ნაკვალევს, რომელიც ჯერაც ატყვია აფხაზეთს. ვფიქრობდი, რომ არაფერი ღირს იმად, რომ ეს კვლავ განმეორდეს. ჩემი ჩამოსვლის შესახებ, ოჯახის წევრებიდან არავინ იცოდა. ძალიან მოულოდნელი და ყველაზე სასიხარულო სიურპრიზი გავუკეთე მათ, რადგან ბოლოს 11 წლის წინ ვიყავი აფხაზეთში. თუმცა ახლა ჩემი სტატუსი და მისია განსაკუთრებულია. ვღელავ კიდეც, რადგან ეს უსათუოდ დიდი პასუხისმგებლობაა. მე უნდა შევძლო ახალი რაკურსით დავანახო ადამიანებს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოგვარების პერსპექტივა. 

მეორე დილით უკვე სოხუმში ვარ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ჩემს აფხაზ მეგობრებს ვხვდები. შეხვედრები ძალიან ემოციური და საინტერესოა. ვგრძნობ საოცრად პოზიტიურ დამოკიდებულებას, ზოგჯერ რეალობიდან ვვარდები და მგონია, რომ ეს კონფლიქტი მხოლოდ სიზმარი იყო, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული და რადიკალურად შეცვლილი დამოკიდებულება მხვდება. უამრავ კონკრეტულ რამეზე ვფიქრობ და უპირველეს ყოვლისა, ვრცელ ინტერვიუზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან. ინტერვიუდან შეიტყობთ, თუ რა დამოკიდებულებაა აფხაზეთში ქართველების მიმართ და უამრავ სხვა პოზიტიურ სიახლეს. 

ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობის და გადაღების საშუალებას მაძლევს, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ბევრ საინტერესო მასალას შემოგთავაზებთ. წლების განმავლობაში დამყარებული კონტაქტები და საუკეთესო ურთიერთობა ჩვენს აფხაზ ძმებთან მაძლევს ამის თქმის უფლებას. ბევრი რამ არის შესაცვლელი და რაც აქამდე შეუძლებელი იყო, მალე რეალიზებადი გახდება. ვთვლი, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის უშუალო კონტაქტის დამყარება ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი დეტალია ჩვენ შორის ნდობის აღსადგენად. ეს თავად ჩვენ უნდა შევძლოთ - ქართველებმა და აფხაზებმა. ეს მხოლოდ ჩვენი გასაკეთებელი საქმეა და შუამავალი  არ გვჭირდება. მე - უბრალო ჟურნალისტმა ეს შევძელი და თქვენც უნდა შეძლოთ. მითუმეტეს დღეს, როდესაც რეალიები იცვლება, როდესაც მეტი შესაძლებლობები გვაქვს და კონფლიქტი წარსულს ბარდება. ომი და ოთხმოცდაათიანების უთანხმოება ჩვენს წინაპრებს უნდა მივაწეროთ, რომლებმაც ჩემი აზრით, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი შეცდომა დაუშვეს. ჩვენ კი ის თაობა ვართ, რომელსაც მეგობრობის, თანაცხოვრებისა და ერთმანეთის მიმართ ადამიანური დამოკიდებულების უნარი შეგვწევს. 

აფხაზეთში სულ რაღაც 3 დღე დავყავი, 3 დღე მთელი არსებით ვგრძნობდი ჩვენი ქვეყნის ამ მშვენიერი კუთხის სითბოს და სურნელს, ყველაფრის მიუხედავად. თითოეულ ადამიანთან ურთიერთობაში ვგრძნობდი, რომ დაკარგული არაფერი არ არის და "ჩვენ დავბრუნდებით" - სულაც არ არის მხოლოდ სევდიანი იმედი. ახლა არა ემოციებით დატვირთული, არამედ აბსოლუტურად გაცნობიერებულად ვიცი და ვგრძნობ, რომ როგორც არ უნდა ეცადონ, ჩვენ ერთი ვართ და დადგება დრო, როცა ტკივილიანი მონატრება მხოლოდ უსიამოვნო წარსულად დარჩება.

აფხაზეთიდან გამგზავრების დროს მეგობრებთან და ახლობლებთან დამშვიდობებისას არცერთი არ ვფიქრობდით, რომ ჩვენს კიდევ ერთხელ შეხვედრას ისევ წლები დასჭირდება. ახლა რამდენიმე ხნით გამყვება და ვიმყოფინებ იქ გატარებული დღეების სითბოს, მერე ისევ ჩავალ, იქნებ, უფრო მეტი ხნითაც, უფრო მეტად ვიგრძნობ მეც და ჩემი მასპინძლებიც როგორ ვჭირდებით ერთმანეთს და ყველა ერთად საბოლოოდ დავრწმუნდებით იმაში, რაც ისედაც დიდი ხანია, ვიცით - ხალხის ნებას წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგება.  

 

 

 

დიმიტრი ახალაია

ახალი ამბების სააგენტო Frontnews

 

იაპონია ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმისა და აფხაზეთში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

 
01 March, 2017
 
416
 

"ჩვენ მივიღეთ რუსეთის მიერ განხორციელებული აფხაზეთის ტერიტორიის სრული ანექსია"

 
12 December, 2016
 
485
 

რუსეთმა გაერო-ში აფხაზეთის საკითხის განხილვა დაბლოკა

 
07 December, 2016
 
314
 

"აფხაზეთში ე.წ. „შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების" შექმნა, საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის სტაბილურობას"

 
03 November, 2016
 
225
 

პრეზიდენტი სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 17 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

 
15 September, 2016
 
183
 
ყველა მსგავსი სიახლე
უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ე.წ.
 
არა 57.14 %

4 ხმა

 
კი 28.57 %

2 ხმა

 
თავს შევიკავებ 14.29 %

1 ხმა

დაფიქსირებულია 7 ხმა