Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

80 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება

საზოგადოება
83
Frontnews
80 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება

წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე, ახალი ხიდი შენდება. ხიდის მშენებლობა მისასვლელი საავტომობილო გზების მოწყობის ეტაპზე გადადის.

ხიდთან მისასვლელი გზის სამშენებლო არეალში თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალური მილი გადის, რის გამოც აუცილებელი გახდა მისი გადატანა. ახალი მილი უკვე სრულად არის მოწყობილი და ახლა საჭიროა მოქმედი ცენტრალური მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთება.

ახალი მაგისტრალური მილის მოწყობა უკვე დასრულებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” კოორდინაციით. განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში გასაშვებად საჭიროა მისი მოქმედ წყალმომარაგების ქსელთან დაკავშირება.

სამუშაოების უსაფრთხოდ შესასრულებლად აუცილებელია მაგისტრალური სისტემის დაცლა. 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე ცენტრალურ მაგისტრალში წყლის მიწოდება შეწყდება. სისტემის დაცლის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყება ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები, რომლებიც რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურად, დღის და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება.

აღნიშნული სამუშაოების გამო, წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება 80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურს და წეროვანის დევნილთა დასახლებას.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაუყოვნებლივ დაიწყება სისტემის ეტაპობრივი შევსება. ქსელის მასშტაბიდან გამომდინარე, წყალმომარაგება სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად აღდგება.

გვესმის, რომ წყალმომარაგების ხანგრძლივი შეზღუდვა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან დისკომფორტს შექმნის, რისთვისაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბოდიშს უხდის თითოეულ აბონენტს.

სამუშაოები წინასწარ მომზადებული გეგმითა და უწყვეტ რეჟიმში ჩატარდება, რათა წყალმომარაგება განსაზღვრულ ვადაში აღდგეს.

გადაერთების სამუშაოების მიმდინარეობისა და შესრულებული ეტაპების შესახებ განახლებულ ინფორმაციას საზოგადოებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგულარულად მიაწვდის.

შეზღუდვის ზუსტი არეალის, წყლის ცისტერნების განთავსებისა და წყალმომარაგების აღდგენის ეტაპების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოსახლეობას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიაწვდის. მოსახლეობას ვთხოვთ, შეზღუდვის დაწყებამდე უზრუნველყოს სასმელი წყლის აუცილებელი მარაგი.

ახალი ხიდი 1970-იან წლებში აშენებული არსებული ხიდის პარალელურად შენდება და თანამედროვე სტანდარტებს უპასუხებს. მისი ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს იგეგმება", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები