ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას - "ვარდისფერ ოქტომბერს“ შეუერთდა

ავტორი
Frontnews საქართველო
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას - „ვარდისფერ ოქტომბერს“ შეუერთდა.
კამპანიის ფარგლებში, ძუძუს კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, ბათუმის ცენტრალური სტადიონი და შარტავას ხეივანი ვარდისფრად განათდა.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ორგანიზებით, კამპანია სიმბოლური შეხვედრით გაიხსნა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნატალია ზოიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი, ასევე სხვადასხვა უწყებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.
საინფორმაციო კამპანიების მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ქალმა მიიღოს ინფორმაცია ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს.
„ვარდისფერი ოქტომბერი“ კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია დაავადების პრევენცია, რეგულარული სკრინინგი და მისი დროული გამოვლენა. ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი დაავადების მართვა და მკურნალობა მნიშვნელოვნად ზრდის წარმატებული შედეგის შესაძლებლობას.
„ვარდისფერი ოქტომბერი“ მთელ მსოფლიოში 1997 წლიდან აღინიშნება და ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. კამპანიას საერთაშორისო ხასიათი აქვს და მასში ყოველწლიურად მსოფლიოს არაერთი ქვეყანა მონაწილეობს.
თაგები:
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო




