Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ანდრეი ბაბიში - ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტი მიუღებელია, განსაკუთრებით უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების ნაწილში

მსოფლიოუკრაინა
42
Frontnews
ანდრეი ბაბიში - ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტი მიუღებელია, განსაკუთრებით უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების ნაწილში

ევროკავშირის მიერ შეთავაზებული ბიუჯეტი ჩეხეთისთვის მიუღებელია, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც უკრაინისთვის მრავალმილიარდიან დახმარებას ეხება, - ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა.

უკრაინისთვის ახალი დახმარების კრიტიკის გარდა, ჩეხეთის მთავრობის მეთაური ასევე გამოვიდა ჩეხეთის დაფინანსების შემცირებისა და ევროპული ინსტიტუტების შენახვის ხარჯების წინააღმდეგ.

როგორც ცნობილია, 21 ნოემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ ევროკავშირის 2028-2034 წლების მრავალწლიან ბიუჯეტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლებული ჩარჩო წარადგინა. მის მიხედვით, ევროკომისიის თავდაპირველ პროექტთან შედარებით, რომელსაც რიგი ქვეყნები ზედმეტად ტვირთად მიიჩნევენ, დაფინანსების 204 მილიარდი ევროთი შემცირებაა შეთავაზებული.

თუმცა, ბაბიში ბიუჯეტის შეთავაზებულ შემცირებას მხარს არ უჭერს. მისი თქმით, ირლანდიის თავმჯდომარეობა მის 32 მილიარდი ევროთი შემცირებას სთავაზობს.

"ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია“, - აღნიშნა მან.

მან აღნიშნა, რომ ჩეხეთი ევროკავშირის ბიუჯეტში თავის შენატანებს თანდათან ზრდის. ამავდროულად, ბაბიშის თქმით, ახალი წინადადება ქვეყნის დაფინანსების 7,5 მილიარდი კრონით შემცირებას ითვალისწინებს.

პრემიერმა ასევე აღშფოთება გამოთქვა იმ თანხის მოცულობის გამო, რომლის მიმართვაც ევროპული ინსტიტუტების შენახვაზე იგეგმება. მისი შეფასებით, ევროპარლამენტისთვის, ევროკომისიისა და ჩინოვნიკებისთვის შვიდი წლის განმავლობაში 100 მილიარდი ევროა გათვალისწინებული.

ბაბიში ცალკე გამოვიდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფის წინააღმდეგ.

"რატომ უნდა მივცეთ უკრაინას ფული ევროპული ბიუჯეტიდან? უკრაინამ ფული ევროპული ბიუჯეტის გარედან უნდა მიიღოს“, - განაცხადა ჩეხეთის მთავრობის მეთაურმა.

აღსანიშნავია, რომ ანტონიუ კოშტა, რომელიც ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას წარმოადგენს, წლის ბოლომდე ბიუჯეტთან დაკავშირებით კომპრომისის მიღწევას ცდილობს. საუბარია წევრი სახელმწიფოების შენატანების შეთანხმებასა და საერთო საჭიროებების დასაფინანსებლად შემოსავლების ახალი წყაროების მოძიებაზე.

კოშტას ბოლო საბიუჯეტო წინადადება გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმაც გააკრიტიკა, თუმცა მისი პოზიცია ბაბიშის შეხედულებებისგან განსხვავდება. გერმანია, ჩეხეთისგან განსხვავებით, ევროკავშირის ბიუჯეტის წმინდა დონორია. მერცი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის საერთო მოცულობა უნდა შემცირდეს, თუმცა ამავდროულად უკრაინისთვის სტაბილური, მრავალწლიანი ფინანსური მხარდაჭერა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები