ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
აფხაზური ენის დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქეთევან ლომთათიძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნავს

ავტორი
Frontnews საქართველო
27 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის დაბადების 115 წლისთავისადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციის გამართვა აფხაზური ენის დღეს დაუკავშირდა მეცნიერის განსაკუთრებული ღვაწლის გათვალისწინებით აფხაზური ენის კვლევასა და აფხაზ მეცნიერთა მომზადებაში. ღონისძიება წარმოაჩენს მის სამეცნიერო მემკვიდრეობასა და წვლილს ქართულ-აფხაზური სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში.
კონფერენციას დაესწრებიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია.
ღონისძიებას გახსნის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი თეა ჯუღელი. მისასალმებელი სიტყვით გამოვა აფხაზეთის მეცნიერებათა რეგიონული აკადემიის პრეზიდენტი ზაურ ლომთათიძე.
პლენარულ სხდომაზე მოხსენებებს წარადგენენ თეიმურაზ გვანცელაძე, მერაბ ნაჭყებია, ნანა მაჭავარიანი და სოფიკო ჭაავა. განხილული იქნება ქეთევან ლომთათიძის სამეცნიერო მოღვაწეობა, მისი მემკვიდრეობა ქართველური და აფხაზური ენების კვლევაში და მეცნიერის ცხოვრებასთან დაკავშირებული საარქივო მასალები. პროგრამით გათვალისწინებულია ახალი გამოცემების წარდგენა და სექციური მუშაობა.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია ქართველური ენები, აფხაზური და სხვა იბერიულ-კავკასიური ენები და თეორიული ენათმეცნიერება.
ქეთევან ლომთათიძე აფხაზური და აბაზური ენების ერთ-ერთი გამორჩეული მკვლევარი იყო. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა 30-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. მეცნიერის საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება სოხუმსაც - 1938–1940 წლებში იგი სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ზოგადი ენათმეცნიერების კურსს უძღვებოდა.
თაგები:
აფხაზური ენის დღე




