ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
არჩილ გამზარდია - როგორც ჩანს, ღარიბაშვილი სრულიად სხვა გაგრძელებას ელოდა და რეალურად სრულიად სხვა რამ მიიღო

ავტორი
Front News საქართველო
ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენები, ხელისუფლების შიგნით არსებული შესაძლო დაპირისპირებები და აფხაზეთთან დაკავშირებული ბუნდოვანი პოლიტიკური ნაბიჯები ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დისკუსიის მთავარ თემად რჩება. იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციური სპექტრი საკუთარი თვითაქტუალიზაციისთვის იბრძვის, ხოლო მმართველი გუნდის საგარეო რიტორიკა კითხვებს აჩენს, პოლიტიკური პროცესების შეფასება სულ უფრო კომპლექსურ ხასიათს იძენს. შექმნილ ვითარებაზე, „ქართული ოცნების“ შიდა დინამიკასა და მოსალოდნელ პოლიტიკურ სცენარებზე Front News-ს ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამზარდია ესაუბრა.
- ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან წერილი გამოაგზავნა და გარკვეული სახის განცხადებები გააკეთა. მან თქვა, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოებას ბიძინა ივანიშვილს აკისრებდა. ასევე თქვა, რომ მიიღო წერილი ივანიშვილის სახელით, რომ მას პოლიტიკაში მოსვლაზე უარი უნდა ეთქვა, სანაცვლოდ კი დაზღვევის სახით კორუფციაში მისი ჩართულობა უნდა ეღიარებინა. რა სახის განცხადებაა?
- სიმართლე გითხრა, ამ პროცესში მართლა ვერანაირი დასკვნა ვერ გამოვიტანე. ერთადერთი აზრი გამიჩნდა, რომ როცა ამ სამართლებრივ პროცესს ღარიბაშვილი აჰყვა, როგორც ჩანს, სრულიად სხვა გაგრძელებას ელოდა, ხოლო რეალურად სრულიად სხვა რამ მიიღო. ახლა რომ ეს გააცნობიერა, უკვე ცდილობს, რომ ამ მოცემულობიდან თავი დააღწიოს.
- როგორ ფიქრობ, რა სახის გაგრძელებას ელოდა?
- არ ვიცი, ალბათ, იფიქრა, რომ უფრო ნაკლებ წელს მიუსჯიდნენ და არ იქნებოდა ეს კორუფციის ბრალდება და ა.შ. ან ივანიშვილისაგან მიიღებდა გარკვეული სახის მხარდაჭერას. ბევრი ვერსია შეიძლება იყოს. ფაქტია, რომ მან სერიოზულად არ აღიქვა ის ფაქტი, რაც მის თავს ხდებოდა. რაც მახსოვს მისი ოჯახის განწყობები, მათ საკმაოდ ოპტიმისტური განწყობები და გამოხმაურებები ჰქონდათ. მე მგონია, რომ ისინიც რაღაც სხვა გამოხმაურებას და გაგრძელებას ელოდნენ.
- ფიქრობთ, რომ ღარიბაშვილს ჰქონდა იმედი, როცა ბიძინა ივანიშვილი ამ ამბავს გაიგებდა, მას გამოსარჩლებოდა? ეს რომ არ მოხდა, ხომ არ ფიქრობს ახლა, რომ მისი ყურადღება ამ ფორმით მიიპყროს?
- ბევრი ვერსია შეიძლება განვიხილოთ. სავსებით შეიძლება მისი იმედი ჰქონდა. თუმცა ის იყო პრემიერ-მინისტრი და მსგავსი შეცდომა ჩვენ რომ მოგვსვლოდა, კიდევ ხო, მაგრამ ორჯერ პრემიერი იყო და როგორ არ იცის, გადაწყვეტილებები როგორ და სად მიიღება. საკმაოდ ბუნდოვანი და არასერიოზული ამბავია. ამხელა თანამდებობის ადამიანს და ამხელა გამოცდილების ადამიანს, ალბათ, სხვანაირი გამოხატულება უნდა ჰქონოდა. აი, ახლა რასაც ვუყურებ, ცოტა კომიკურიც არის ეს ამბავი. ადამიანების ბედზეა საუბარი, ღარიბაშვილი ახალგაზრდა კაცია და როგორ ანადგურებენ მას ყველა ასპექტში, რა თქმა უნდა, რთულია და მძიმე საყურებელია. თუმცა თავად იყო ამ ყველაფრის გამტარი და მას ეს ყველაფერი უკან დაუბრუნდა. ტრაგიკულია, რადგან ადამიანები არიან და ოჯახებია, ამიტომ ადამიანების ბედს ასე მარტივად არ ვუყურებ. თუმცა, მეორე მხრივაც კომიკურია, იმიტომ რომ ადამიანებს აქ სხვა აზრის გამოტანის საშუალებას არ უტოვებს.
- როგორ ფიქრობ, რა გახდა ღარიბაშვილის მოძულების მიზეზი? არსებობს ასეთი ვერსია, რომ თითქოს მან ამერიკელებს გარკვეული სახის ინფორმაცია მიაწოდა ბიძინა ივანიშვილზე. ის არ არის დასანქცირებულთა სიაში და აქედან გამომდინარე, მასთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდათ. ანუ ფიქრობ, რომ მსგავს რამეს ღარიბაშვილი გააკეთებდა და რა იქნებოდა მისი მოქმედების მიზანი?
- როგორც ვთქვით, ნებისმიერი ვერსია შესაძლოა, არსებობდეს, მათ შორის ეს ვერსიაც. თუმცა, პირველ რიგში, ლაპარაკია ორჯერ პრემიერ-მინისტრზე და ასევე შინაგან საქმეთა მინისტრზე და თავდაცვის მინისტრზე. შიგნით სისტემა როგორ მუშაობს, მან ეს ყველაზე კარგად უნდა იცოდეს. როდესაც რაღაც მოხდება და მერე ისევ მოურიგებლები აღმოჩნდებიან ამ სისტემასთან ეს პირები, აი ესაა ცოტა გაუგებარი. იმ სისტემის ნაწილი და წამყვანი იყო, შიგნით ზუსტად იცოდა ყველაფერი და ასე ადვილად აყირავდა – მით უარესი მისთვის. როგორც უძილაური ამბობს, ევროპელებთან და დასავლეთთან ურთიერთობის გამო დამაკავესო, თუ ღარიბაშვილს მართლა ჰქონდა ფარული კომუნიკაციები დასავლეთთან და არ იცოდა, მისი სისტემა, სადაც თავად მუშაობდა, როგორ მოქმედებს, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა მისთვის.
მან ყველაზე კარგად იცოდა, რომ მისი ფარული მოქმედებები შესაძლოა, გახმაურებულიყო. მსგავს რაღაცას ასე მარტივად არ უნდა უყურონ. თუ ლეგალურად არ მოქმედებდნენ, მაშინ რაღას ერჩიან სამართალდამცველებს, თუკი კანონით დაუშვებელ მოქმედებას ახორციელებენ. თუ მიაჩნდა, რომ ქვეყნისთვის ასე იყო საჭირო და ეს ხელისუფლება არასწორ გზაზე იდგა, ვინ უშლიდა ხმამაღლა ესაუბრა და ღიად ემოქმედა ამაზე? არ ვიცი, ეს ყველაფერი ურთიერთწინააღმდეგობრივია.
- აფხაზეთში ბენზინის შეტანას და ხელისუფლების განცხადებებს ქვეყანაში ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები და მწვავე დისკუსია მოჰყვა. როგორ ფიქრობ, რა სახის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ეს ხელისუფლებისგან და რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს აფხაზეთის მხრიდან ხელისუფლებას? რა არის მისი მოქმედების ლოგიკა?
- თეორიულად მე ვუშვებ იმ ლოგიკას, რომ ხელისუფლება უნდა იყენებდეს რაღაც საშუალებებს, რათა წარმოჩნდეს იმ პოზიტიურ როლში, რომ თუნდაც აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას აჩვენო, რომ დღეს სხვა საქართველოსთან გვაქვს საქმე. შეიძლება ამ ლოგიკას გავყვეთ. ვიცით, რომ აფხაზები ჩვენთან ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობენ. ჩავთვალოთ, რომ ესეც აი ამ პოზიტიური პოლიტიკის ნაწილი იყოს. რაღაც მომენტში ამ პოლიტიკის მომხრეც ვიყო, მაგრამ აქ სადავო ელემენტები არ უნდა შედიოდეს. უფასო ჯანდაცვა სახელმწიფოს პოლიტიკაა, კი ბატონო, მაშინ აქ რა შუაშია ბიზნესი? ეს უნდა იყოს სახელმწიფოს აქტიურობა. როგორც მთელს მსოფლიოშია მიღებული, რაშიც საქართველოსაც მიუღია მონაწილეობა, მაშინ ეს საწვავიც ჰუმანიტარული მიზნით უნდა მიგვეწოდებინა. ხომ არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთაც შეუძლიათ წყლის, საკვების, მედიკამენტების შეტანა, ასევე შეეძლოთ ბენზინის გაგზავნაც. რომ იყოს ბიზნესის მხრიდან ესეც რაღაც კამპანიის ნაწილი, აქაც შეგვეძლო ლოგიკა დაგვეჭირა. ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რანაირად აღიქმება, ფორმალურ საბუთებში როგორ არის ოკუპირებული აფხაზეთი დანახული. ჰაერზე ხომ არაა ეს ყველაფერი, 5 კილო შაქარი ხომ არაა, ასე გადააწოდო. იქ ინვოისები იწერება, ფორმალობა და საბუთებია საჭირო. იქ ოკუპირებულ ხელისუფლებას ე.წ. საგადასახადო სისტემა და კონსტიტუცია აქვს. ჩვენი სისტემა არ მოქმედებს იქ. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: ამ საბუთომანიაში როგორ არის აღქმული საქართველოს მხრიდან თავისი ერთი რეგიონი? აჭარაში რომ ჩაიტანო, რა პრობლემაა. საქართველო აფხაზეთს სამართლებრივ ჭრილში ისევე განიხილავს, როგორც თავის რეგიონს. ჰუმანიტარული ტვირთის დროს აუცილებელია ადგილობრივების მადლიერებაც. ჩვენს შემთხვევაში ეს მადლიერებაც არ არის.
- ოპოზიციაში არსებობს ასეთი განწყობა და ინფორმაცია, რომ შესაძლოა შემოდგომაზე პრემიერი ირაკლი კობახიძე გადადგეს და ბიძინა ივანიშვილმა ის შეცვალოს. საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით და ამერიკასთან ურთიერთობის დალაგების კუთხით თუ არ გამოიკვეთა რეალური კონტურები, მაშინ კობახიძე წინამორბედების ბედს გაიზიარებს. როგორ ფიქრობ, ამის ალბათობა ან პოლიტიკურად ნიშნები არსებობს?
- მე არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი ასე ხელაღებით ვერ აკონტროლებს პრემიერ კობახიძეს. შესაძლოა, კობახიძე რაღაცებში ფარულად და დამოუკიდებლად მოქმედებდეს, მაგრამ მთავარი წყარო მაინც ივანიშვილია. თუკი ის ივანიშვილისთვის მიუღებელ გადაწყვეტილებებს იღებს, მაშინ რა დიდი მოწადინება უნდა? ბიძინას ერთი გამოსვლა უნდა და ის თავის ადგილს მიუჩენს. რადგან ეს ყველაფერი ასე არ არის, მიიჩნევა, რომ ეს ივანიშვილის ნებაა. მაშინ კობახიძეს ივანიშვილი უნდა ჰყავდეს დაპატიმრებული, ჩაკეტილი, რისი ალბათობაც არ არსებობს. მე სულ ვამბობდი ასევე, რომ ირაკლი კობახიძის მოშორება ასეთი მარტივი არ არის. მან ამისთვის მთელი ეს პერიოდი იმუშავა. ივანიშვილისთვის საყრდენი ძალები მან ჩამოაშორა, ძალიან ბევრი ანტაგონიზმი გააჩინა კობახიძემ ივანიშვილის მიმართ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. წილი ადამიანებისა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მიმართ დადებითად იყვნენ განწყობილები, კობახიძის მეშვეობით მის მიმართ დამოკიდებულებები შეცვლილია. ამიტომ, თუკი ბიძინას სადმე რამე პრობლემა აქვს, ეს არის მისი გადაწყვეტილებები და შეხედულებები, მეორეს მხრივ კი – კობახიძის ნამოქმედარი. ეს წლები მე მგონია, რომ ივანიშვილი და კობახიძე ცივი ომის პოზიციაში იმყოფებიან. ამიტომ, მე კობახიძე ასეთი მარტივად მოსაშორებელი არ მგონია, როგორც ეს ბევრს ჰგონია.
- ჩვენ ბოლო დროს ხშირად ვხედავთ რუსეთის მხრიდან წამოსულ განცხადებებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზაობის შესახებ. მართალია, ხელისუფლება ამაზე პასუხობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში გამორიცხულია პოლიტიკური და დიპლომატიური თანამშრომლობა რუსეთთან, თუმცა ოპოზიცია ამის პარალელურად აქცენტს ხელისუფლების ბოლო დროს ქმედებებსა და განცხადებებზე აპელირებს. მათ შორის, კობახიძის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე. რა სახის დისკუსიას ვადევნებთ თვალს?
- მე მართლა ვერ ვიგებ, რას ემსახურება 2026 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება, საერთოდ რა შუაშია. სახელმწიფოებრივ დონეზე ეს ყველაფერი რას ემსახურება, გაუგებარია. თან ამაზე საუბარს პრემიერის და ხელისუფლების მხრიდან კამპანიური ხასიათი აქვს, საერთოდ გაუგებარია ჩემთვის. აქ ვერცერთ კონტექსტში დადებით თეორიებს ვერ ვხედავ. ის, რომ რუსეთს საქართველოსთან დაკავშირებით არასდროს ჰქონია დადებითი მიზანი, არც საერთოდ სადავო არასდროს ყოფილა, მით უმეტეს ორჯერადად საქართველოს ოკუპაციის შემდეგ. ამის ფონზე რუსეთის პოზიტიური სარეკლამო აგენტები გახდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები – სრულიად გაუგებარი და მიუღებელია.
- ბოლო დროს სააკაშვილის განცხადებებზე, მის და ოპოზიციის სხვა ლიდერების დაპირისპირებაზე მინდა გკითხო. ბოლო დღეებში მას ნიკა გვარამიამაც უპასუხა. ის ოპოზიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს. როგორ ფიქრობ, ამ სიტუაციაში და ამ მდგომარეობაში ახლა ოპოზიციას რისი ძალა შესწევს და რა მოლოდინი გაქვს? რას უკავშირდება ეს დაპირისპირებები?
- ამ ოპოზიციას მე ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლებასთან ბრძოლის რაიმე პრაქტიკული რესურსი გააჩნდეს. ამიტომაც, დანარჩენი ბრძოლა, ჩემი გადასახედიდან, არის თვითაქტუალიზაციისთვის. პრინციპში, საზოგადოება რასაც ითხოვს პოლიტიკური რეალითის სახით, იმასაც იღებს. ამ ყველაფერს ესენი უმკლავდებიან, საზოგადოებას აწვდიან ამ პროდუქტს. თუ ვინმეს სტატუს-კვოს შეცვლა შეუძლია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. თუ უფრო ცუდ რამეს გააკეთებს, ამ შემთხვევაში შესაძლოა, პოლიტიკურად გააქტიურდეს პროცესი. დანარჩენი – მისი ოპონენტები ცდილობენ თვითაქტუალიზაციას და გადარჩენის რეჟიმში ყოფნას და აი, ამ რეალითი შოუებით თვითგადარჩენას ცდილობენ.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
არჩილ გამზარდია




