Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ავთანდილ წულაძე - პუტინი არანაირი მოლაპარაკების გამართვას არ აპირებს, ის მთავარ ფსონს ზამთრის შეტევაზე დებს

ინტერვიუ
261
Frontnews
ავთანდილ წულაძე - პუტინი არანაირი მოლაპარაკების გამართვას არ აპირებს, ის მთავარ ფსონს ზამთრის შეტევაზე დებს

რუსეთის პრეზიდენტის მორიგი მკვეთრი განცხადებები ევროპული კონტინგენტის უკრაინაში შესაძლო შესვლასთან დაკავშირებით, მოსკოვის მიერ ზამთრის იერიშებისთვის მზადება, კიევში ვაშინგტონის ემისრების ვიზიტები და დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივები - ამ და სხვა აქტუალურ თემებზე Front News-ს საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი ავთანდილ წულაძე ესაუბრა.

ანალიტიკოსის შეფასებით, ვლადიმერ პუტინის ბოლო რიტორიკა შიდაპოლიტიკურ მიზნებსა და 18 სექტემბრის არჩევნებს უკავშირდება. მოსკოვი მშვიდობისთვის მზად არ არის, ფსონს ენერგოინფრასტრუქტურის განადგურებასა და ზამთრის იერიშებზე დებს, ხოლო ამერიკულ დიპლომატიურ აქტივობას საკუთარი პიარისა და ავტორიტეტის ამაღლებისთვის იყენებს. ამასთან, ექსპერტი განმარტავს, რატომ არის ევროპული 6.1-მილიარდიანი სამხედრო პაკეტი დაგვიანებული უკრაინისთვის და რა კონკრეტული წინადადება სჭირდება თბილისს დონალდ ტრამპთან რეალური დიალოგის დასაწყებად.

- ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში ევროპული ქვეყნების ჯარების შეყვანა პირდაპირ რუსეთთან ომს ნიშნავს. სამხედრო თვალსაზრისით, რამდენად რეალურია ევროპული კონტინგენტის შესვლა და რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები ასეთ შემთხვევაში?

- ამ განცხადებაში სიახლე არაფერია, რადგან მანამდეც იგივე აქვს ნათქვამი. ეს ისევ და ისევ მსგავსი მესიჯებია. საქმე კი იმაშია, რომ ევროპა აცხადებს: ის ჯარს შეიყვანს მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დასრულდება და არა უშუალოდ ომის მიმდინარეობისას. ევროპა ამ ეტაპზე უკრაინაში ჯარის შეყვანას არ აპირებს. რუსეთი არც ადრე თანხმდებოდა იმაზე, რომ ევროპელების ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე ყოფილიყო, თუნდაც ომის დასრულების შემდეგ.

პუტინმა უბრალოდ ძველი მესიჯი გაიმეორა. ეს უფრო მისი წინასაარჩევნო განცხადებებია - ვიცით, რომ 18 სექტემბერს რუსეთში არჩევნებია და რიტორიკის ესკალაციაც სწორედ შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზეა გათვლილი.

- რა არის ის მოტივი, რის გამოც პუტინს, თუნდაც ომის დასრულების შემდეგ, არ სურს ევროპული ჯარის სამშვიდობო ზონაში განთავსება?

- ევროპის ჯარი - ეს ნატოს წევრი ქვეყნებია. რუსეთი, როგორც აცხადებს, უკრაინასთან იმის გამო ომობს, რომ ამ ქვეყანაში ნატო არ შევიდეს და მისი ჯარების განლაგება არ მოხდეს. ეს რომ მოხდეს, პუტინისთვის პოლიტიკური მარცხი იქნება და პირდაპირ დაარტყამს მის იმიჯს. ამიტომაც ამბობს უარს და გამორიცხულია, ამას დათანხმდეს.

- ვოლოდიმირ ზელენსკიმ მზადყოფნა გამოთქვა, შეხვდეს პუტინს მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე, სადაც მთავარ აქცენტს შედეგზე აკეთებს. თქვენი შეფასებით, არსებობს თუ არა რეალური დიპლომატიური რესურსი პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის და რა დათმობებზე შეიძლება წავიდნენ მხარეები?

- პუტინი ზელენსკისთან პირად შეხვედრას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზელენსკი კაპიტულაციას მოაწერს ხელს. ეს პირველი. მეორეც, პუტინი მიდის ესკალაციაზე და არ არის მზად კომპრომისებისთვის. ამიტომ ასეთ შეხვედრას არ ექნება შედეგი და აზრი არ აქვს.

- ესკალაციაში რას გულისხმობთ? ელოდებით, რომ ზამთარში რუსეთის არმია შესაძლოა, კონტრშეტევაზე გადავიდეს? გამოაცხადებს პუტინი მობილიზაციას და ეცდება, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან კოზირები ჰქონდეს?

- რა თქმა უნდა. პუტინი არანაირი მოლაპარაკების გამართვას არ აპირებს. მას გათვლილი აქვს, რომ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას მაქსიმალურად გაანადგურებს. ახლა რუსეთში ახალ დრონებს აწარმოებენ და ბალისტიკური რაკეტების მხრივაც ბევრად მეტი უპირატესობა აქვთ.

რაც შეეხება მობილიზაციას, არ მგონია, რუსეთმა ეს ღიად გამოაცხადოს, თუმცა, კულუარული ინფორმაციით, ის ფარულად ან ნაწილობრივი სახით განხორციელდება. რუსეთის ჯარი ახლა ძალიან დიდ დანაკარგებს განიცდის, ამიტომ დამატებითი რესურსების მოძიება და შევსება აუცილებლად დასჭირდებათ.

- ამ დღეებში კიევში აშშ-ის ემისრები ვიხილეთ - კუშნერი და ტრამპის პირადი მეგობარი ორივე მხარესთან შეხვედრებს მართავდნენ. როგორ ფიქრობთ, რა სახის გეგმა ან მონახაზი აქვს ახლა აშშ-ს იმისთვის, რომ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას?

- ეს შეხვედრები ამერიკელებთან, ტრამპთან სატელეფონო ზარები და მოსკოვში ვიზიტები პუტინისთვის ძალიან კარგია. ის ამას საკუთარი იმიჯისა და ავტორიტეტის გამყარებისთვის იყენებს. პიარის თვალსაზრისით, ამერიკელების ასეთი ვიზიტები მისთვის ამჟამად ძალიან მომგებიანია - განსაკუთრებით, როგორც აღვნიშნე, წინასაარჩევნოდ. თუმცა, ის არ აპირებს არანაირ მოლაპარაკებაზე წასვლას და მთავარ ფსონს ზამთრის შეტევაზე დებს.

- ამერიკელები ვერ აცნობიერებენ, რომ პუტინი მათ საკუთარი იმიჯისთვის იყენებს და დროს იგებს? თუ ამერიკელებიც, თავის მხრივ, ამ ომს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ და ტრამპი მსოფლიოს აჩვენებს, რომ ამ ომის დასრულებას ცდილობს?

- ტრამპი, როგორც ბიზნესმენი, მაინც ცდილობს პუტინთან მოლაპარაკებას. რაციონალურად რომ მივუდგეთ, რუსული ეკონომიკისთვის ომის დასრულება (ან თუნდაც გაყინვა) მართლაც მომგებიანი იქნება, სანქციების მოხსნასაც უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა. თუმცა პუტინს სხვა გათვლები აქვს - მას ამ ომის დასრულების ეშინია, რადგან არ სურს შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგოს. ამიტომ მიდის ის ესკალაციაზე და პრობლემის ამ გზით გადაწყვეტას ცდილობს. რამდენად გამოუვა და როგორ, ეს გამოჩნდება.

- თქვენ ბალისტიკურ რაკეტებზე საუბრობდით. ამ მხრივ მინდა ჩაგეკითხოთ: ევროკომისიამ უკრაინისთვის გამოყო 6.1 მილიარდი ევრო Patriot-ის (PAC-3) რაკეტების, საჰაერო თავდაცვისა და დრონების შესაძენად. რამდენად საკმარისია ეს პაკეტი ფრონტზე და ოდესის მსგავს მსხვილ ქალაქებზე ბალისტიკური იერიშების ეფექტურად მოსაგერიებლად?

- პრობლემა ის არის, რომ ეს პაკეტი გათვლილია გრძელვადიან კონტრაქტებზე - საუბარია ამ თანხის 10 წელზე გადანაწილებაზე, უკრაინას კი რაკეტები ახლა სჭირდება. ევროპაშიც და ამერიკაშიც ამ რაკეტების დეფიციტია. ამიტომ, ალბათ, გარკვეულ ნაწილს უკრაინა მიიღებს ამ პერიოდში, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ იქნება. სწორედ ამიტომ, უკრაინის სტრატეგიაა, გააგრძელოს დარტყმები რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს და პორტებზე. მიზანი რუსეთში საწვავის კრიზისის შექმნა და ნავთობის ექსპორტის დაბლოკვაა.

- ირაკლი კობახიძის ვიზიტები საფრანგეთსა და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ დასავლეთთან კომუნიკაციის არხები დახურული არ არის? რამდენად არსებობს შანსი, რომ ქართულმა მხარემ კულუარულ ფორმატებში დიპლომატიური კონტაქტების აღდგენა და პოზიციების დაახლოება შეძლოს?

- კარები არც აქამდე ყოფილა დახურული. თუმცა ჩვენთვის მთავარია ურთიერთობის ვაშინგტონთან დამყარება. მანამდე ეს არ გამოდიოდა და არც ამ ეტაპზე ველოდები, რომ გამოვა. საჭიროა უშუალოდ ტრამპთან პირდაპირი კომუნიკაცია, ტრამპს კი ახლა ჩვენთვის არ სცალია. ამასთან, ჩვენ არ გვაქვს ისეთი შეთავაზება ტრამპისთვის, რაც მას დააინტერესებს. ტრამპს დიდი პროექტები აინტერესებს - მას არ მოსწონს, რომ ანაკლიის პორტი ჩინელებს გადაეცათ.

-  თუმცა ვიცით, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა საქართველოს სახელმწიფომ, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად, საკუთარ თავზე აიღო. ეს მაინც არ შეცვლის ამერიკელების განწყობას? როგორც ამბობენ, ამ ცვლილების მიზეზი სწორედ აშშ-სთან ურთიერთობის დალაგების მოტივი იყო...

- ტრამპს ნახევარზომები და ნაწილობრივი გადაწყვეტილებები არ აწყობს. როგორც მას სურს, რომ ჰორმუზის სრუტეს „ტრამპის სრუტე“ ერქვას, ასევე ალბათ ანაკლიის პორტზეც უნდა, რომ მას „ტრამპის პორტი“ ეწოდოს. როდესაც საქართველოს ექნება რეალური შეთავაზება (როგორც ეს სომხებმა და აზერბაიჯანელებმა შეძლეს - ტრამპის დაინტერესება „ტრამპის გზით“), მხოლოდ მაშინ შედგება მოლაპარაკება და სერიოზული ლაპარაკიც მაშინ დაიწყება.

- პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ბრიუსელის ბიუროკრატიამ ნდობა დაკარგა“ და მაგალითად ისლანდიის რეფერენდუმი მოჰყავს. თქვენი შეფასებით, რამდენად არსებობს შანსი, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით რეფერენდუმი ჩაატაროს ისლანდიის მსგავსად? შეცვლილია თუ არა ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირის მიმართ განწყობები?

- ჩემი აზრით, ასეთი რეფერენდუმის ჩატარების დრო ჯერ არ დამდგარა. არ მგონია, რომ ჩვენი საზოგადოების აზრი გაწევრიანებასთან დაკავშირებით შეცვლილი იყოს. სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის ორი მესამედი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას; მით უმეტეს, ეს კურსი კონსტიტუციაშიც გვაქვს ჩაწერილი. მე მგონია, ეს მხოლოდ რიტორიკაა და რეალურ გეგმას არ წარმოადგენს.

ელზა პაპოშვილი 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები