ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ბათუმის მერმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში შეხვედრა გამართა

ავტორი
Frontnews საქართველო
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში კორტნი ოსტრიანთან შეხვედრა გამართა.
გიორგი ცინცაძემ სტუმარს ბათუმის, როგორც შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი ქალაქის, განვითარების მიმართულებები გააცნო. საუბარი შეეხო ტურიზმის, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესგარემოს, ინვესტიციებისა და შრომის ბაზრის მიმართულებებს, ასევე, მერიის სამომავლო გეგმებს.
კორტნი ოსტრიანმა აღნიშნა ბათუმისა და აჭარის რეგიონის მნიშვნელობა საერთაშორისო სატრანსპორტო და ეკონომიკური დერეფნის თვალსაზრისით.
ბათუმის მერის თქმით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობას მნიშვნელოვანი ისტორია აქვს. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო ასპარეზზე ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ბათუმი მზად არის, განაგრძოს მჭიდრო პარტნიორობა ამერიკულ მხარესთან.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბათუმისა და ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქების დამეგობრების შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებას, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გაგრძელდეს კომუნიკაცია ქალაქებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მიმართულებით.
თაგები:
ბათუმის მერი




