Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

დავით კოდუა - მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას

რეგიონები
181
Frontnews
დავით კოდუა - მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას

ზუგდიდის მერი განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან განმუხურის საზღვაო ზოლთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, რაც მიზნად მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს.

განმუხურის და ანაკლიის სანაპირო ზოლის და საკურორტო ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლების საპროექტო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

ამჟამად კი განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვისთვის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.

განმუხურის სანაპირო ზოლი წლების განმავლობაში ექვემდებარებოდა ზღვის ტალღოვანი ზემოქმედებით გამოწვეულ ეროზიას. დაზიანებულ მონაკვეთზე ნაპირი 10-12 მეტრით, ხოლო შესართავთან - 50-60 მეტრით იყო უკან დახეული. არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნიდა სანაპირო ინფრასტრუქტურას და ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის განვითარებას. სწორედ ამიტომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის დავალებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მასშტაბური სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სანაპირო ზოლის შევსებისა და დაცვის სპეციალური სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ეროზირებული პროცესების ინტენსივობას და უზრუნველყოფს სანაპიროს მდგრადობას. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, მისი ღირებულება კი 3.2 მილიონ ლარზე მეტია და სრულად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ამასთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განმუხურის და ანაკლიის სანაპირო ზოლის განახლების პროექტირებაზე მუშაობს. პროექტი მოიცავს 67 ჰექტარზე თანამედროვე, ოთხივე სეზონზე ხელმისაწვდომი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცის შექმნას, სადაც განთავსდება დასასვენებელი, სპორტული და კულტურული ზონები, საფეხმავლო და ველობილიკები. გათვალისწინებულია საბავშვო, საგანმანათლებლო და სპორტული სივრცეების მოწყობა, ღია სცენა, არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის სრული განახლება. პროექტი ასევე მოიცავს კომერციულ და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას, გამწვანებასა და თანამედროვე საინჟინრო სისტემების მოწყობას.

ამასთან ერთად მოხდება კურორტამდე მისასვლელი საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია.

წინა ხელისუფლების დროს ანაკლია-განმუხურში ინფრასტრუქტურის მოწყობა დაჩქარებულად, სამშენებლო ვადების დარღვევით, უხარისხოდ ხდებოდა - ყველას გვახსოვს გახსნის იმიტაციის გამო უხარისხოდ აგებული საფეხმავლო ხიდი, რომელმაც რამდენიმე დღეში დაშლა დაიწყო და მისი სრული დემონტაჟი გახდა საჭირო. სწორედ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მუდმივად გვიწევდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურის ინტენსიური, ნაწილობრივი და დეტალური რეკონსტრუქციის ჩატარება. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება ანაკლია-განმუხურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სრული განახლება, საქმის პროფესიონალების ჩართულობით, შესაბამისი პროექტირებით მოხდეს და არა ისე როგორც ეს 2009-2012 წლებში ხდებოდა.
მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები