Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ელენე ხოშტარია -  სინდისის კარნახით და თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედეთ, რომ მერე მთელი ცხოვრება ეს დუმილი სანანებელი არ გქონდეთ

პოლიტიკა
36
Frontnews
ელენე ხოშტარია -  სინდისის კარნახით და თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედეთ, რომ მერე მთელი ცხოვრება ეს დუმილი სანანებელი არ გქონდეთ

მიმართვა რუსეთის მსახურებს: დაიცავით ადამიანები ოკუპანტის მიერ ომში ჩართვისგან, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.

მისით თქმით, დღეს, საქართველოში ოკუპანტი სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს სარეკლამო რგოლებს, საქართველოს მოქალაქეების მათ მხარეს, ტერორისტულ ომში ჩათრევის მიზნით.

"მიმართვა რუსეთის მსახურებს: შალვა პაპუაშვილს, მაკა ბოჭორიშვილს და სუსის უფროსს (სახელი არ ვიცი)! არალეგიტიმურობის პირობებში, თქვენ, დე ფაქტო, აკონტროლებთ ძალაუფლების ბერკეტებს. ეს გაკისრებთ ვალდებულებას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლეზე.

სრულიად გააზრებულად არ მიგითითებთ ქვეყნის ინტერესებსა და ღირსებაზე, რადგან თქვენი აღქმა ღირსების ამ გამოწვევას ვერ უპასუხებს. თქვენ ღირსება მხოლოდ მაშინ გელახებათ, როდესაც ევროკავშირი მიგითითებთ - ჩვენი წევრობა თუ გინდათ, ნუ სცემთ გურამ როგავას, ნუ სცემთ მაკა ჩიხლაძეს, მარიამ გაფრინდაშვილს, თამარ ბაღაშვილს, ნუ კლავთ ლექსო ლაშქარავას, არ დაიჭიროთ ვახო სანაია აზრის გამოხატვის გამო, არ დაიჭიროთ ადამიანი ტროტუარზე დგომის გამო. ლაშა ნაცვლიშვილის გინებაც შეიმჩნიეთ, როცა სხვას ამისთვის იჭერთ, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძისთვის კანონებს ნუ იღებთ. ციხეში ადამიანებს ნუ სცემთ და ნუ აუპატიურებთ, ილიაუნის ნუ ერჩით, რადგან სტუდენტების გეშინიათ და ასე შემდეგ. აი, მხოლოდ ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე გელახებათ თქვენ ღირსება. ამიტომ არ ვსაუბრობ თქვენთან არც ღირსებაზე და არც ეროვნულ ინტერესებზე, უბრალოდ მიგითითებთ თქვენს მყისიერ ვალდებულებაზე - დაიცვათ ადამიანები ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ომში ჩართვისგან. 

თუ რუსების მსახურების ან მონობის ეპითეტი გაგაბრაზებთ, პოსტი თავიდან გადაიკითხეთ, ეცადეთ, გაიგოთ მისი შინაარსი, ბრაზი ამჯერად წყალს კი არ გაატანოთ, მოსკოვში გააგზავნეთ.

აქვე მინდა, მთელი გულით მივმართო სისტემაში მომუშავე ყველა ძალოვან ომის ვეტერანს! თავს უფლებას არ მივცემ, რაიმე პოლიტიკური მოწოდებით მოგმართოთ, პატივს ვცემ თქვენს გავლილ ბრძოლას და თქვენს თავდადებას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის. უბრალოდ, ძალიან გთხოვთ, დაფიქრდეთ იმაზე, რომ ჩვენი საერთო მტრის გავლენა იმდენად გაძლიერდა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ომში საკუთარ მხარეს ექაჩებიან, თქვენი უფროსები კი - დუმან. საჯარო მოქმედებასაც არ გთხოვთ. უბრალოდ, სინდისის კარნახით და თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედეთ, რომ მერე მთელი ცხოვრება ეს დუმილი სანანებელი არ გქონდეთ“, - წერს ელენე ხოშტარია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები