ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ეთერ კაკულია დღეს 84 წლის გახდებოდა

ავტორი
Frontnews საქართველო
ცნობილი ქართველი მომღერალი ეთერ კაკულია დღეს 84 წლის გახდებოდა.
ეთერ კაკულია დაიბადა 1942 წლის 29 ნოემბერს თბილისში, ქალაქის ერთ-ერთ უძველეს უბანში ვერაზე, კალანდაძის ქუჩაზე. მთელი ბავშვობა გაატარა თბილისში, მალევე ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი და გადავიდნენ ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე.
სწავლობდა 55-ე საჯარო სკოლაში, პარალელურად ეუფლებოდა მუსიკალურ და სამსახიობო სკოლას, თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თვითშემოქმედებით ჯგუფში - ფორტეპიანოს, ქართული ეროვნული ცეკვებისა და სიმღერის განხრით.
1949-1959 წლებში სწავლა დაიწყო და დაამთავრა თბილისის ნიჭიერთა ათწლედი. ამავე პერიოდში ეთერ კაკულია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის საკონცერტო დარბაზში სხვადასხვა კონცერტებზე გამოდიოდა და ასრულებდა ცნობილ ნაწარმოებებს.
სკოლის დამთავრების შემდეგ 1960-1965 წლებში სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გერმანული ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სწორედ უნივერსიტეტში სწავლის დროს იწყებს ის პროფესიონალურ სცენაზე ასვლას, მალევე ხდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხატვრული ანსამბლის სოლისტი. აქტიურად ერთვება თვითშემოქმედებით მუსიკალურ გუნდში და ადგილობრივ ბენდში იკავებს მთავარი სოლისტ-ვოკალისტის ადგილს, ამ პერიოდში ის ასრულებს ქართულ, გერმანულ და რუსულენოვან ცნობილ სიმღერებს, აქტიურად გამოდის რადიო-ტელევიზიით, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტის ბენდთან გასტროლებით მოგზაურობს საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყნებში.
1968 წლიდან იყო "რეროს" ერთ-ერთი სოლისტი. "რეროში" ყოფნის დროს ორკესტრთან ერთად ეთერ კაკულიამ გასტროლებით იმოგზაურა თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელთაგად აღსანიშნავია: გერმანია, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, იუგოსლავია, ბულგარეთი, ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, დანია, ჰოლანდია, საფრანგეთი, ქუვეითი, ინგლისი. 1969 წლიდან ეთერ კაკულია იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი.
1970 წელს ეთერ კაკულიამ გამოუშვა პირველი სოლო-ალბომი: "მღერის ეთერი კაკულია 1970", რომელშიც შედიოდა სამი სოლო-სიმღერა და ერთი დუეტი.
1972 წელს ეთერ კაკულიამ დატოვა ვოკალურ-ინსტუმენტული ანსაბლი "რერო" და მამის ირაკლი კაკულიას დაჟინებული თხოვნით პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გერმანული ენის კათედრაზე.
1978 წელს ეთერ კაკულიამ დატოვა უნივერსიტეტი და ამავე წელს ჩაწერა კიდევ ერთი დაუვიწყარი ჰიტი, ინოლა გურგულიას (1929-1977) სიმღერა "უშენოდ", რომელიც კომპოზიტორმა გარდაცვალების წინ აჩუქა მას. სიმღერა გამოსვლისთანავე ჰიტად იქცა და XXI საუკუნეშიც ის ცოცხლობს ქართულ მუსიკალურ სამყაროში. 1980 წელს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩაატარა მისი პირველი სოლო კონცერტი, იქამდე კი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოდიოდა კონცერტებით, ამის შემდეგ ყოველ წელს ის საქართველოში და თბილისის ფილარმონიაში ატარებდა მაღალრეიტინგულ და ხარისხიან კონცერტებს. 1981 წელს გამოუშვა მეორე სოლო ალბომი: "მღერის ეთერი კაკულია 1981", რომელშიც შედიოდა ცხრა სოლო-სიმღერა.
1982 წელს ეთერ კაკულიას შესთავაზეს საქართველოს რადიომაუწყებლისა და ტელევიზიის სახელმწიფო ორკესტრის სოლისტობა, რაზეც მან თანხმობა განაცხადა, ათი წლის განმავლობაში ის ორკესტრთან ერთად ატარებდა კონცერტებს: საქართველოში, გერმანიაში, რუსეთში, საფრანგეთში, უკრაინაში, საბერძნეთში და სხვა მრავალ ქვეყანაში. 1986 წელს ეთერ კაკულიამ მუშაობა დაასრულა მის საუკეთესო სტუდიურ ალბომზე, "მღერის ეთერ კაკულია 1987", რომელშიც 4 მეგრული სიმღერაა შესული.
მას ჰქონდა ჩაფიქრებული საქართველოს ყველა ქალაქზე და თბილისის უბნებზე სიმღერების მიძღვნა, ნაწილობრივ ეს იდეა განახორციელა. ეთერ კაკულიას შეუქმნეს ახალი სიმღერები: ოთარ ტატიშვილმა - "ვაკელებო"; ნუნუ გაბუნიამ - "სიმღერა ფაზისს"; ვაჟა აზარაშვილმა - "ჰიმნი იმერეთს", "ავლაბარო", "გურია", "ჩემო სამეგრელო", ჰიმნი რუსთავს; ნუგზარ თუშიშვილმა - "სიმღერა ბათუმს". ამის გარდა კაკულიას რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძემ შეუქმნა, მისი შემოქმედების მთავარი სიმღერა - "მხარე ლამაზი" (და მე არ მინდა), რომელიც დღემდე ცოცხლობს ქართულ სცენაზე, სიმღერაზე კლიპიც გადაიღო და გამოსვლიდან დღემდე ეს სიმღერა სუპერ ჰიტია.
2011 წელს თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში გაიმართა ლეგენდარული ეთერ კაკულიას სოლო კონცერტი, რომელსაც თბილისის ბიგ-ბენდი აფორმებდა, კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. მონატრებულ მსმენელს კაკულიამ დაუვიწყარი, კლასიკური და აკადემიური საღამო აჩუქა.
ეთერ კაკულია ერთადერთხელ იყო დაოჯახებული ბიზნესმენ რეზო ვაჩიბერიძეზე, წყვილს ერთი შვილი ალეკო ვაჩიბერიძე ეყოლათ.
2014 წლის 29 ნოემბერს თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ძალისხმევით, დაბადების დღეზე, ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ დიდი პომპეზურობით ვარსკვლავი გაუხსნეს. ვარსკვლავის გახსნის წინ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა კაკულიას შემოქმედებითი საღამო, სადაც ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა შეასრულეს მომღერლის 55-წლიანი მუსიკალური კარიერის მანძილზე, მის მიერ შესრულებული სიმღერებიდან საუკეთესო ჰიტები, კონცერტი დაასრულა ეთერ კაკულიამ, ოთარ ტატიშვილის სიმღერით "ფრთები". მომღერალმა ვარსკვლავის საზეიმო გახსნის დროს სატელეფონო მილოცვა საქართველოს პატრიარქისგან მიიღო.
2014 წელს კაკულიას ქართველმა ექიმებმა, დაუსვეს მძიმე დიაგნოზი, სიმსივნე. ამ პერიოდში ის ძალიან დაუახლოვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, მათ ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. 2014 წლის 13 სექტემბერს ყველა ქართველისთვის საყვარელი მომღერალი სრულიად მოულოდნელად საკუთარ სახლში, დოლიძის ქუჩაზე, საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოინახულა, რადგან ეთერ კაკულიამ თავად ვერ შეძლო პატრიარქთან წირვაზე მისვლა.
მომღერალმა ჩაიტარა რამდენიმე სამკურნალო კურსი საქართველოში, ხოლო შემდეგ ისრაელში, მაგრამ 10 ივნისს, უიმედო მდგომარეობის გამო ექიმებმა მკურნალობა შეწყვიტეს, რადგან მეტასტაზები უმართავი იყო, მომღერალი სამშობლოში დააბრუნეს. კაკულია კატასტროფის ცენტრმა თბილისში 10 ივნისს ჩაიყვანა, 26 ივნისს კი მომღერალი საკუთარ სახლში, ახლობლების გარემოცვაში გარდაიცვალა. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში ჩატარდა.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ეთერ კაკულიას სახელი მიენიჭა.
თაგები:
ეთერ კაკულია




