ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
გიგა ლემონჯავა - ჩვენ ბოლომდე, გამარჯვებამდე ბრძოლას ვაპირებთ, გთხოვთ ყველას, მოხვიდეთ, ეს არის დღე, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის

ავტორი
Frontnews საქართველო
ხვალ, 28 ნოემბერს, ვიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საღამოს 7 საათზე. გთხოვთ ყველას, მოხვიდეთ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიგა ლემონჯავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს დღე ეკუთვნის ხალხს.
"2024 წლის 28 ნოემბერს ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს უღალატა, მისი ეროვნულ ინტერესები ჩვენი სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და საქართველოს ევროპული მომავალი დარტყმის ქვეშ დააყენა. ამ თვალსაზრისით, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან საქართველოს ღალატის დღე, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის დღე, როცა ქართველმა ხალხმა გმირული წინააღმდეგობით საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ევროპული მომავალი დაიცვა. ამ ქვეყანას ევროპულ მომავალსა და სახელმწიფოებრიობას თუ რამე უნარჩუნებს, ეს არის სწორედ ქართველი ხალხის გმირული უპრეცედენტო წინააღმდეგობა. ამ ხალხმა სისტემური წამება, აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, პოლიტიკური პატიმრობა და ყველანაირი ჯოჯოხეთი გადაიტანა, რაც ივანიშვილის რეჟიმს შეეძლო ქართველი ხალხისთვის დაეპირისპირებინა, მაგრამ ხალხი დგას ფეხზე, წინააღმდეგობასა და ბრძოლას აგრძელებს. ეს ბრძოლა აუცილებლად საქართველოში ივანიშვილის, რუსეთის მარცხით და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება.
ხვალ, 28 ნოემბერს, ამ დღიდან 2 წლის თავზე, ჩვენ ვიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საღამოს 7 საათზე და ეს უბრალოდ სიმბოლური შეკრება არ არის. დღეს, როდესაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის დასკვნით ეტაპზეა, მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ყოველდღიურად გრძელდება სამშობლოს ღალატი, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყანა არა ერთ რუს ოლიგარქს ეკუთვნის, არამედ ქართველ ხალხს. საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის გარანტი ქართველი ხალხია.
ჩვენ არა თუ უკან დახევას არ ვაპირებთ, არამედ ჩვენ ბოლომდე, გამარჯვებამდე ბრძოლას ვაპირებთ, ვიდრე საქართველო არ გამთლიანდება, ევროკავშირისა და ნატოს წევრი არ გახდება, სანამ საქართველოს მოქალაქეების სიმშვიდე, უსაფრთხოება და კეთილდღეობა არ იქნება უზრუნველყოფილი და ეს ქვეყანა არ გავა სამშვიდობოს.
ასე რომ, ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ, ეს არ არის პარტიული დღე, რომელიც რომელიმე ორგანიზაციას და ერთ კონკრეტულ ადამიანს ეკუთვნის, ეს არის დღე, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
თაგები:
გიგა ლემონჯავა




