ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
გიორგი ინალიშვილი - უკრაინას ახლა ხელში ძალიან დიდი კოზირი აქვს, არ ვფიქრობ, რომ მასზე ზეწოლა ამ მხრივ ეფექტური იქნება

ავტორი
Frontnews საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული შეხვედრა, წინა სკანდალური შეხვედრებისგან განსხვავებით, კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა. მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა გააჟღერეს, თუმცა რეალური შეთანხმებების მიღწევა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
სამხედრო ანალიტიკოსი გიორგი ინალიშვილი Front News-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ვაშინგტონში გაჟღერებული ინიციატივები ამ ეტაპზე უფრო პოლიტიკური დეკლარაციაა, ვიდრე ქმედითი გადაწყვეტილებები, ვიდრე პროცესში მოსკოვიც არ ჩაერთვება. ექსპერტი განმარტავს, თუ რამდენად ეფექტურია ტრამპის მხრიდან კიევზე ზეწოლა, რა დგას ზელენსკის დიპლომატიური მსვლელობებს მიღმა და რატომ არ ღირს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პროცესში ჩინეთის აქტიური როლის მოლოდინი.
- ბატონო გიორგი, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე რამდენიმე საკვანძო ინიციატივა გაჟღერდა (ენერგო-ზავი, Patriot-ის წარმოება, სანქციების პაკეტი, სამმხრივი შეხვედრა), თუმცა მარკო რუბიო ამბობს, რომ ოფიციალური შეთანხმება ჯერ არ არსებობს. თქვენი შეფასებით, ამ თემებიდან რეალურად რაზე მოხდა პოზიციების დაახლოება და რა არის უბრალოდ პოლიტიკური დეკლარაცია?
- ეს შეხვედრა ნამდვილად კონსტრუქციული იყო. გვახსოვს წინა შეხვედრები, რაც იყო ზელენსკისა და ტრამპს შორის. განსაკუთრებით პირველი შეხვედრა, რომელიც ძალიან მძიმე და სკანდალური აღმოჩნდა. ამის შემდეგ მათ შორის ურთიერთობა დათბა და გუშინდელი შეხვედრა ძალიან კონსტრუქციული იყო. ეს რაც შეეხება თავად შეხვედრას.
თუმცა, რაც შეეხება შეთანხმებას, ეს უფრო მეტად პოლიტიკური განცხადება იყო, ვიდრე რეალური გადაწყვეტილება. შეთანხმება რომ გაფორმდეს, ამისთვის ორი მხარის თანხმობაა საჭირო. ამაზე მზადყოფნა რუსეთმაც უნდა გამოთქვას. რუსეთისგან ამ ეტაპზე არაფერი სიგნალი არ მოდის იმაზე, რომ ისინი თანახმანი არიან რაღაც ტიპის შეთანხმებაზე წამოვიდნენ. მათ თავიანთი დღის წესრიგი და მიზნები აქვთ, რომლებიც კრემლის პოზიციით ჯერ მიღწეული არ არის. ამიტომ ტრამპის და ზელენსკის მხოლოდ სურვილი საკმარისი ვერ იქნება. 22 სექტემბერს რაც გაჟღერდა, ყველაზე მნიშვნელოვანი რუსეთში ნავთობგადასამუშავებელი ობიექტების დაბომბვის საკითხი იყო.
- ამ მიმართულებით მინდა ჩაგეკითხოთ: ტრამპი ღიად სთხოვს კიევს რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე იერიშების შეჩერებას და ამას გლობალურად დიზელის გაძვირებას უკავშირებს. ხომ არ არის ეს ვაშინგტონის მხრიდან პირდაპირი დიპლომატიური ზეწოლა უკრაინაზე?
- ჩვენ ვაშინგტონიდან და კონკრეტულად ტრამპის მხრიდანაც აქამდეც არაერთხელ გვინახავს უკრაინაზე ზეწოლის მცდელობა. თუმცა ძალიან დიდი გავლენა ვერ მოუხდენია. ამიტომ მე მგონია, რომ ტრამპის განცხადება - თითქოს რუსეთის დაზიანებასთან ერთად ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების დაბომბვა მსოფლიოსაც აზიანებს და ბაზარზე დიზელის ფასს ზრდის, უფრო იყო განცხადება იმისთვის, რომ მან მოახდინოს ფასებზე გავლენა. ეს მიმართული იყო იმისთვის, რომ ბაზარზე მოახდინოს რეაგირება.
უკრაინას ახლა ხელში ამ დაბომბვების სახით ძალიან დიდი კოზირი აქვს. ეს თუ მან შეწყვიტა, მას ეს კოზირი არ ექნება. შესაბამისად, ვიცით, რომ რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურას ანადგურებს და ამაზეც პასუხის გაცემა აუცილებელია. უკრაინამ მოძებნა ის გზა, რომ პასუხი გასცეს ამ მიმართულებით, რათა რუსეთის ენერგოობიექტებს დაარტყას. შეხვედრაზეც იყო საუბარი, რომ ენერგეტიკული ზავი მოხდეს. ენერგეტიკული ზავიც ორმხრივია - შენ თუ ყოველდღე მიბომბავ ობიექტებს და პასუხს არ გაგცემ, ეს ზავი და შეთანხმება არ არის. მე არ ვფიქრობ, რომ უკრაინაზე ზეწოლა ამ მხრივ ეფექტური იქნება. თუ შედგება შეთანხმება ორმხრივად, ვფიქრობ, რომ უკრაინაც ამ შემთხვევაში გაჩერდება.
- დიახ, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის ენერგეტიკული ზავი მხოლოდ ორმხრივ საწყისებზე თანხმდება. რამდენად მოსალოდნელია, რომ მოსკოვმაც დაიცვას ეს პირობა და ზამთარში უარი თქვას უკრაინის ენერგოსისტემის დაბომბვაზე? რა არის ის ზეწოლა, რომელიც პუტინს უკან დაახევინებს? „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ 100%-იან ტარიფებს უწესებს მათ, ვინც რუსულ ნავთობს ყიდულობს. აძლევს თუ არა ეს ვაშინგტონს რეალურ ეკონომიკურ ბერკეტს, რომ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას?
- სანქციებთან დაკავშირებით ტრამპმა განაცხადა, რომ მართალია, ხელი მოვაწერეო, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ამას ავამოქმედებო. როგორც ჩანს, ის ჯერ მის ამოქმედებას საჭიროდ არ მიიჩნევს. რაც შეეხება ზეწოლას, რა თქმა უნდა, ამერიკული სანქციები არის მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც ამერიკას ხელში გააჩნია. რა თქმა უნდა, ამას შეუძლია რუსეთზე გავლენა მოახდინოს, თუ ის სრული მასშტაბით ამოქმედდება. თუმცა, რამდენად აამოქმედებს ტრამპი ამას, ეს არის საკითხავი.
ტრამპმა ისევ განაცხადა, რომ ვითომ პუტინს სურს ომის დასრულება და ტრამპი ამტკიცებს, რომ მას ამის სჯერა. შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ტრამპის მხრიდან იმის მზაობას, რომ მან ეს სანქციები, თუნდაც ნაწილობრივ მაინც აამოქმედოს.
- ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს პუტინს ტრამპის შუამავლობით. ეს განცხადება კიევის მხრიდან ტაქტიკური სვლაა დიპლომატიურ ველზე თუ რეალური მზაობა გარკვეულ დათმობებზე?
- ზელენსკის ეს განცხადება საინფორმაციო ომის ნაწილად უნდა განვიხილოთ, რადგან პუტინი რუსეთში თუ მსოფლიოში თავისი პროპაგანდისტული ნარატივით მუდმივად ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ეს არ სურს კიევს“. მუდმივად არის საუბარი იმაზე, რომ თითქოს არ სურს უკრაინას ომის დასრულება და რუსეთს ეს უნდა. შესაბამისად, მგონია, რომ უახლოეს მომავალში შეხვედრა არ შედგება. ეს იმიტომ უნდა გაჟღერდეს, რომ თუნდაც ამ საინფორმაციო ომში უკრაინისთვის სასარგებლო ნარატივები გაჟღერდეს.
- ზელენსკიმ ტრამპს სთხოვა სი ძინპინის ჩართვა მოლაპარაკებებში, რადგან პეკინს პუტინზე რეალური გავლენა აქვს. რამდენად რეალურია, რომ ჩინეთმა ომის დასასრულებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას?
- დიახ, ზელენსკიმ პრეზიდენტ ტრამპს სთხოვა, რომ იქნებ დაელაპარაკოს სი ძინპინს, რომ მან რუსეთს დაელაპარაკოს.
დავიწყოთ იმით, რომ ჩინეთი ცალკე სამყაროა და მას თავისი გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური მიზნები აქვს. ის ამ სტრატეგიას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება. თითქმის 5 წელია, რაც უკრაინასა და რუსეთს შორის ომი მიმდინარეობს და ჩინეთის ჩართულობა არც ყოფილა. ის არის გვერდზე გამდგარი მხარე და რადიკალურ განცხადებებსაც ერიდება, თუმცა ფარულად მაინც ვაჭრობს რუსეთთან. ამით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ირიბად ჩინეთი რუსეთს ეხმარება. ამას აკეთებს არა იმიტომ, რომ მისი ძმა და მეგობარია, არამედ იმიტომ, რომ სავაჭრო პარტნიორია.
ასევე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ჩინეთს რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში საკუთარი ინტერესები ამოძრავებს - ციმბირში, რადგან ვიცით, რომ უზარმაზარი წიაღისეულის საბადოებია. ჩინეთის მოსახლეობა მანდ მუდმივად მოძრაობს და ბევრი დასახლდა კიდევაც. შესაბამისად, ჩინეთისთვის ასეთი ურთიერთობა რუსეთთან მნიშვნელოვანია, რადგან აქედან მაქსიმალურ სარგებელს იღებს. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ ომის დასრულებაში ჩინეთის როლი გამოიკვეთოს.
- ზელენსკი აცხადებს, რომ დაზვერვის მონაცემებით რუსეთი ახალი მასშტაბური თავდასხმისთვის ემზადება. რამდენად შესწევს უნარი უკრაინას, ერთდროულად მოიგერიოს ფრონტის იერიშები და დაიცვას ქალაქები? ასევე, რუსეთს ახლა რამდენად აქვს იმის რესურსი, რომ ახალ შეტევაზე გადავიდეს?
- ასეთი ინფორმაცია ჩვენ მუდმივად გვესმის, რომ რუსეთი აპირებს რაღაც ახალ თავდასხმას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელი ომის წარმოება დიდი ხანია, ტანკებს გასცდა. ეს არის ძალიან დიდი ჰიბრიდული ომი, რომლის უდიდეს ნაწილს საინფორმაციო-პროპაგანდისტული ომი შეადგენს. შესაბამისად, დიდწილად რუსეთი ამ საკითხში ძალიან წინაა. ძალიან კარგად იცის, ეს ჰიბრიდული და პროპაგანდისტული ომი როგორ გამოიყენოს. ის ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.
რაც შეეხება სადმე სხვა ტერიტორიაზე შეჭრას, არ მგონია, რომ რუსეთმა შეძლოს და მისი არმია სადმე შეიჭრას. მე უფრო მგონია, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს რაღაც სახის პროვოკაციებს, რომლებიც მცირე დრონების გამოყენებით მოხდება. ასე დატესტავს რუსეთი რაღაცებს, პლუს საინფორმაციო ომით შეეცდება თუნდაც დასავლეთის ერთიანობა დატესტოს და ა.შ.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
გიორგი ინალიშვილი




