Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

გიორგი კობერიძე - პუტინმა მობილიზაცია რომც გამოაცხადოს, პროტესტის ნაცვლად იქნება მოსახლეობის რუსეთიდან მასობრივი გადინება

ინტერვიუუკრაინა
61
Frontnews
გიორგი კობერიძე - პუტინმა მობილიზაცია რომც გამოაცხადოს, პროტესტის ნაცვლად იქნება მოსახლეობის რუსეთიდან მასობრივი გადინება

საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, უკრაინა რუსეთის სიღრმეში მდებარე სტრატეგიულ ენერგეტიკულ ობიექტებზე სისტემურ იერიშებს ამკვეთრებს, რაც კრემლის საომარ მანქანას ლოგისტიკურ და ფინანსურ კრიზისს უქმნის. ეფექტური ლოგისტიკისა და მოტივაციის გარეშე რუსული არმიის წინსვლის ტემპი ფრონტზე საგრძნობლად შენელდა, ხოლო მოსკოვს მზარდი პოლიტიკურ-ეკონომიკური საფასურის გადახდა უწევს. გახდება თუ არა პუტინი იძულებული, მასობრივი მობილიზაცია გამოაცხადოს, რა რესურსი დარჩა რუსეთს ახალი ფრონტის გასახსნელად და რა გავლენას ახდენს ვაშინგტონისა და მოსკოვის სადაზვერვო კონტაქტები ომის დინამიკაზე? - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე Front News საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსს გიორგი კობერიძეს ესაუბრა. 

- ზელენსკიმ სამხედრო სარდლობას დაავალა, სამჯერ გაზარდონ რუსეთის სიღრმეში შორ მანძილზე მოქმედი დრონებით იერიშების ინტენსივობა. ბოლო დღეებში უკრაინამ "ლუკოილის" სიდიდით მეოთხე ქარხანა (ნიჟნი ნოვგოროდში) და იაროსლავლის ნავთობგადასამუშავებელი გიგანტი გათიშა. თქვენი სამხედრო-პოლიტიკური შეფასებით, რამდენად შეუძლია რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ამ სისტემურმა „ნადირობამ“ შეცვალოს ფრონტზე არსებული დინამიკა და ფინანსურად დააშროს კრემლის საომარი მანქანა?

- უკრაინელების მიდგომა ახლა ყველაზე მარტივია: ლოგისტიკის უზრუნველყოფის გარეშე ომის გაგრძელება ძალიან რთულია. თუკი მთელი ენერგია, დრო და ფული რუსეთს იმაში წაუვიდა, რომ ლოგისტიკის შენარჩუნება შეძლოს, ეს რეალურად რუსული წინსვლის ტემპს დააგდებს. ამასთანავე, ეს დაბლა წევს მოტივაციასაც, რადგან სამხედროებში დემორალიზებას ახდენს მსგავსი სიტუაცია, როცა შენს მოწინააღმდეგეს უკეთესი ლოგისტიკა აქვს, ვიდრე შენ. ეს შემდეგ უკვე ყველაფერზე აისახება. ლოგისტიკის გარეშე ომის წარმოება წარმოუდგენელია, ისევე როგორც მოტივაციის გარეშეა რთული ომის მოგება.

საბოლოო ჯამში, ეს საშუალებას მისცემს უკრაინას, ხელი შეუწყოს გამოფიტვის პროცესს, რაც უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მხრიდან ლოგისტიკის გამართვაზე დამატებითი ზრუნვა და ხარჯის გაღება არ მოხდება. ნავთობის ბოლო წვეთიც კი რომ დარჩეს, რუსეთი შეეცდება, ის ფრონტის ხაზზე წაიღოს. თუმცა ეს გართულებული პროცესია და რუსეთისთვის წმინდა ფინანსური თვალსაზრისით, ხარჯს ზრდის.

მეორე მხრივ, ეს არის პოლიტიკურ-ეკონომიკური საფასური. ერთის მხრივ, სამოქალაქო მოსახლეობას შეექმნება ძალიან რთული მდგომარეობა, ხოლო ეკონომიკას - ძალიან დიდი პრობლემები. ეს ყველაფერი აისახება როგორც სამოქალაქო, ისე ინდუსტრიულ სექტორზე. ამ ყველაფრისთვის კი რუსეთს ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. წარმოიდგინეთ, რუსეთი უკვე 5 წელია, ომს აწარმოებს. ამბობდნენ, რომ "აი, მალე დასრულდება ეს ომი და გავიმარჯვებთო“. ახლა კი იმაზე მიდის საუბარი და მსჯელობა, ნავთობის დეფიციტი როგორ აინაზღაურონ და ტოტალური სამხედრო მობილიზაციის გარეშე შეუძლიათ თუ არა ამ ომის გაგრძელება.

- უახლოვდება თუ არა რუსული არმია კრიტიკულ ზღვარს ცოცხალი ძალის რესურსის კუთხით და გახდება თუ არა პუტინი იძულებული, მასობრივი მობილიზაცია გამოაცხადოს? არსებობს ვარაუდი, რომ 2027 წლისთვის ის 300 000-მდე ადამიანის მობილიზებას გეგმავს. ხომ არ გახდება ეს ასევე რუსეთის შიგნით დაპირისპირების მიზეზი?

- ჩემი აზრით, პუტინმა მობილიზაცია რომც გამოაცხადოს, საპროტესტო გამოსვლებსა და პროტესტს არ ველი. შესაძლოა, ერთ წელიწადში სიტუაცია ისეთი იყოს, რომ რეალურად მართლაც დაიწყოს გამოსვლები, მაგრამ ამ ეტაპზე არ ველი. თუმცა პროტესტის ნაცვლად იქნება მოსახლეობის რუსეთიდან მასობრივი გადინება. ეს იქნება შრომისუნარიანი ადამიანების ქვეყნიდან გაქცევა. ასევე, კორუფციის თვალსაზრისით, უზარმაზარი თანხების გადახდა მოხდება, რომ ისინი არ მოხვდნენ გაწვევასა და მობილიზაციაში. სწორედ ამან შეიძლება გაურთულოს რუსეთს სიტუაცია.

თუკი შრომისუნარიანი ადამიანი მიგყავს ფრონტის ხაზზე, ეს ეკონომიკურ პრობლემებს გამოიწვევს და შრომისუნარიანი კადრების დეფიციტს შექმნის. პაკისტანიდან მუშახელის ჩამოყვანა ვერაფერს უშველით. ეს შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეების უკმაყოფილების მიზეზიც გახდეს, რადგან მათთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მათთან ინტეგრაცია მიუღებელია და ეს პრობლემები უკვე ჩანს. სწორედ ეს შეიძლება გახდეს პროტესტისა და უკმაყოფილების მიზეზი რუსეთში.

- როგორ ფიქრობთ, აქვს რუსეთს ახლა იმის რესურსი, რომ მობილიზებული ახალბედების გაწვრთნა და მათი შეიარაღება შეძლოს? ერთია მობილიზაციის გამოცხადება და მეორე საკითხია, ფრონტის ხაზზე რას იზამენ - არიან თუ არა ისინი ბრძოლისუნარიანები?

- რა თქმა უნდა, თუ ეს ადამიანები არ გაწვრთნე, სათანადოდ არ შეიარაღე და არ ასწავლე, როგორ უნდა იბრძოლონ, სამხედრო თვალსაზრისით ეს უკვე ბალასტია. ეს არ არის აპრიორი მეორე მსოფლიო ომი, როცა საბჭოთა ჯარისკაცს დააყენებდნენ და უბრძანებდნენ, წინა ხაზზე წასულიყო და დახოცილიყო. რუსეთი ცდილობს, სწორედ ეს მეთოდი გამოიყენოს - დააშინოს ხალხი, რომ თუ ფრონტის ხაზზე არ წავლენ, მაშინ მათ თავისი ხელით მოეღებათ ბოლო.

რუსეთი ცდილობს, ამ ადამიანების გამოყენებით ფრონტზე, ერთ მიმართულებაზე მოახდინოს დაწოლა. დიდი ხანია არსებობს ვერსია, რომ რუსეთი ცდილობს არა რაიმე ახალი ინოვაციის შექმნას, არამედ ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე მთავარი დაწოლის შექმნასა და გარღვევას. თითქოს მას ამის მცდელობა ჰქონდა სლავიანსკი-კრამატორსკის მიმართულებაზე. თითქოს ისევ აქვს ამის მცდელობა, მაგრამ შეტევის დონე ძალიან დაბალია. ან მეორე ვარიანტიც შეიძლება განვიხილოთ: რუსეთმა ეს 300 000 კაცი დამატებით, ახალი ფრონტის შესაქმნელად გამოიყენოს.

- რომელ ახალ ფრონტს გულისხმობთ და სად შეიძლება იყოს ახლა რუსეთის ახალი შეტევის ან თავდასხმის სამიზნე?

- შესაძლოა, ეს იყოს ჩერნიგოვის მიმართულება. თუმცა რუსეთს ძალიან დიდი მსხვერპლი ექნება, თუკი დარტყმას ამ მიმართულებით გადაწყვეტს.

არის სხვა ვარიანტიც - მოხდეს მათი გადანაწილება და ნატოს რომელიმე ქვეყნის მიმართულებით პროვოკაციის განხორციელების მცდელობა ჰქონდეთ. როდესაც დამატებითი მობილიზებული დანაყოფები ჰყავს, რუსეთს შეუძლია ეს დანაყოფები სხვადასხვა მიმართულებაზე გადაანაწილოს: ნაწილი არსებულ ფრონტზე გამოიყენოს, ხოლო ნაწილი - პროვოკაციის მოსაწყობად ნატოს რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ. ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ისინი რიგაზე ან ტალინზე წავლენ. თუნდაც მიკროშეჭრა განახორციელონ, ეს იქნება ნატოს გადამოწმება - არის თუ არა ის ქმედითი გრძელვადიან პერსპექტივაში. ვერ ვიტყვით იმას, რომ რუსეთს მანევრის საშუალება არ აქვს.

- თუმცა, უკრაინელების დარტყმების ფონზე, რამდენად ფიქრობთ, რომ მათ ამ სცენარების განხორციელების რესურსი გააჩნიათ?

- დიახ, უკრაინელები ზუსტადაც რომ ამ 300 000 კაცის ეფექტურად გამოყენების საშუალების მიცემას არ აპირებენ. თუ მართლა მოხდა მობილიზება, უკრაინელები სწორედ რომ ნებისმიერი ხერხით შეუშლიან ხელს რუსეთს ამ ხალხის გამოყენებაში.

დღეს ვლადიმერ პუტინს კარგი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არ დარჩა: მას ან უწევს მობილიზაციის გამოცხადება, ან ისევ ამ ტაქტიკით ბრძოლის გაგრძელება. ამ ტაქტიკამ კი, ვხედავთ, რომ არანაირი შედეგი არ გამოიღო. ბოლო 11 თვეა, რუსული წინსვლის მასშტაბი იმაზე მეტად შენელებულია და ზოგიერთ ფრონტის ხაზზე პირიქით, შემოტრიალებულია, ვიდრე ეს 2024 და 2025 წლების მონაცემებით იყო. მოსკოვისთვის ეს ტენდენცია ძალიან შემაშფოთებელია. ფრონტალური წინსვლა ბოლო 11 თვეში რუსეთს არ აქვს. ბოლო 3 თვის განმავლობაში, დონეცკის მონაკვეთებზე უკან დახევაც კი მოუწია. რუსები კუპიანსკის მიმართულებაზე ხელმეორედ დამარცხდნენ და ახლა უკან დახევა მოუწიათ. რუსეთს რაიმე წინსვლა თუ აქვს, ეს არის წელიწადში 2 კილომეტრი, რაც არასერიოზულია.

- აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, ჯონ რეტკლიფი მოსკოვში იმყოფებოდა, რაზეც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს იყო „ნახევრად რუტინული ვიზიტი, საიდანაც შესაძლოა რამე გამოვიდეს“. რა გეოპოლიტიკურ ვაჭრობასთან ან გზავნილების გაცვლასთან გვაქვს საქმე ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის და ხომ არ არსებობს რისკი, რომ ეს კონტაქტები უკრაინის ინტერესების გვერდის ავლით რაიმე სტრატეგიულ გარიგებაში გადაიზარდოს?

- ასეთი ვიზიტების დროს უფრო ბევრი თემა განიხილება ხოლმე, ალბათ, ირანის, ნატოს თემებიც განიხილებოდა. როგორც წესი, ასეთი შეხვედრებისას ბევრი საკითხი განიხილება და აზრთა გაცვლა-გამოცვლაც ხდება. ამას, ალბათ, მომავალში უფრო გავიგებთ.

იმის თქმა, რომ დღეს ყველაფერი ამერიკის შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული, გადაჭარბებული ნათქვამია. ვითარება უკრაინის ირგვლივ ისეა შეცვლილი, რომ მხოლოდ აშშ აღარ წარმოადგენს ომში გადამწყვეტ მოთამაშეს, როგორც ეს 2022, 2023 და 2024 წლებში იყო. ვგულისხმობ იმას, რომ მათ მხრიდან დახმარების შეწყვეტა უკრაინისთვის უმძიმესი განაჩენი აღარ იქნება, ახლა ალტერნატივები არსებობს და დამატებითი წყაროების მოძიებაც შესაძლებელია.

ობიექტურებიც რომ ვიყოთ, აშშ-ში ტრამპის განწყობა როგორიც არ უნდა იყოს, იქ არის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი. ის შედგება ათიათასობით ისეთი გავლენიანი ადამიანისგან, რომლებიც ქვეყანაში როგორც მთავარი ეკონომისტები, ისე პოლიტიკოსები არიან. მათთვის იმის თქმა, რომ „წარმოება შეწყვიტეთ, უკრაინას აღარ მიყიდოთ იარაღი“ და ა.შ., წარმოუდგენელი რამ არის. სულ რომ ტრამპს უნდოდეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ჩახსნა, ეს ასე მარტივი აღარ არის, კომპანიები ამაზე არიან აწყობილები და დამოკიდებულები. ამიტომ ერთი ხელის მოსმით რამის გადაწყვეტა ტრამპსა და ამერიკას არ შეუძლიათ.

თანაც, ახლა უკრაინა ბევრად უპირატეს სიტუაციაშია. მის პარალელურად კი პუტინი არ დათანხმდება რაიმეზე შეთანხმებას, თუ მან ამ ომიდან მაქსიმალური არ მიიღო.

 ელზა პაპოშვილი

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები