ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
გიორგი ვოლსკი - აფხაზისთვისაც და ქართველისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს არ უყურონ თოფის სამიზნიდან

ავტორი
Frontnews საქართველო
ის გამოწვევები, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, რა თქმა უნდა, აფხაზისთვისაც და ქართველისთვისაც მნიშვნელოვანია, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს არ უყურონ თოფის სამიზნიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თემაზე საუბარი არის იმ საშიშროების წარმოჩენის წინაპირობა, რომ ვიღაცამ გარედან - საოკუპაციო ძალა იქნება აფხაზეთში, თუ ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებულმა რადიკალურმა ჯგუფებმა წარმატებით გაილაშქრონ იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს.
„დღეს საერთაშორისო მშვიდობის დღეა და აგერ, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, შერიგების საკითხებზე, ეს დღე ახალგაზრდების დაჯილდოებას მიუძღვნა. საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ძალიან ბევრ საერთაშორისო საკითხზე ახალგაზრდების მიერ მომზადებული გარკვეული ნამუშევრები განიხილეს. გაცილებით უფრო დიდია ახალგაზრდების ცნობიერება ამ კონფლიქტთან დაკავშირებით.
როცა გაიძულებენ ამ თემაზე საუბარს, ეს არის იმ საშიშროების წარმოჩენის წინაპირობა, რომ ვიღაცამ გარედან, საოკუპაციო ძალა იქნება თუ ოსეთში არსებულმა რადიკალურმა ჯგუფებმა, წარმატებით გაილაშქრონ იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს.
გარდა ამისა, აფხაზები ცხოვრობენ, აფხაზობენ, თავიანთ კულტურას არ კარგავენ. საქართველოში რამდენიმე ათასია ასეთი. საკმაოდ გავლენიანი ადამიანები. თუკი იქიდან ტაშ-ფანდურით არ ხვდებიან ყველა ჩვენს წამოწყებას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნიკა გვარამია მართალია. ისიც იქიდან არის და ზუსტად იცის, დარწმუნებული ვარ, მანაც და სხვებმაც, რომ ეს ასე არ არის. ვერ ვიტყვი, რომ ყოველდღიურობა ჩვენი მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური ნიშნებით იყო აღსავსე.
ის გამოწვევები, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, რა თქმა უნდა, აფხაზისთვისაც და ქართველისთვისაც მნიშვნელოვანია, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს არ უყურონ თოფის სამიზნიდან. როგორ გადაწყდება ეს საკითხი საბოლოო ჯამში, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, არა თუ მნიშვნელოვანია, არამედ გარკვეულ გეგმასაც ექვემდებარება“, - განაცხადა ვოლსკიმ "იმედის" ეთერში.
მისივე თქმით, რადიკალები ახალგაზრდებს უქმნიან ისეთ დამოკიდებულებას, თითქოს საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე გახდება ხვალ-ზეგ ევროკავშირის წევრი და ამ წევრობით მოვიპოვებთ აფხაზებისა და ოსების განწყობას, რომ ევროკავშირის პასპორტი აიღონ.
„რა თქმა უნდა, ეს საოკუპაციო ძალებისთვისაც არის ძალიან სერიოზული არგუმენტი იმისათვის, რომ თავისი პოლიტიკა გაატაროს პროპაგანდის მიმართულებით. მაგრამ მთავარი მაინც ასეთი აშკარა ტყუილის წარმოჩენაა, როგორც სწორი პოლიტიკისა. აშკარად იქით არის მიმართული, რომ არ დაკარგონ ახალგაზრდების გავლენა, რადგან მათ ზურგზე შემომხტარებს უნდათ ხელისუფლების სადავეები რევოლუციის გზით“, - განაცხადა ვოლსკიმ.
თაგები:
გიორგი ვოლსკი




