ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
გივი მიქანაძე – ამ ყველაფერს სამართლებრივი ფორმა მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანები საჯაროდ არ მოიხდიან ბოდიშს

ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გურიის რეგიონის სოფელ არჩეულში მის მიერ შეძენილ მიწაზე სახლი საბავშვო ბაღის ადგილას შენდება.
"ეს გახლავთ მორიგი იაფფასიანი და დეზინფორმაციული კამპანია. კონკრეტული პირები, რომლებიც აღნიშნულ ტყუილს მიზანმიმართულად ავრცელებენ, პირდაპირ გეტყვით, სიცრუეს ტირაჟირებენ და ამის გადამოწმება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. მიწა, რომელიც ყველა დადგენილი წესისა და კანონის სრული დაცვით შევიძინე, იყო ცარიელი ადგილი და იქ არანაირი შენობა-ნაგებობა არ იდგა.
ჩემ მიერ შეძენილი მიწის ფართობი არ აღემატება 1000 კვადრატულ მეტრს და მისი ღირებულება განისაზღვრა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი ღირებულების საფუძველზე.
სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საკითხთან მიმართებით სიცრუეს კამპანიას აწარმოებენ, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში. სხვა შემთხვევაში, მათ კანონის წინაშე მოუწევთ პასუხისგება. პირდაპირ გეტყვით, მე არ ვაპირებ უგულებელვყო იმ სიცრუისა და ბრალდებების ტირაჟირება, რასაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართულად ახორციელებენ. ამ ყველაფერს სამართლებრივი ფორმა მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანები არ აღიარებენ, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და საჯაროდ არ მოიხდიან ბოდიშს.
კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სამშენებლო პროექტი მომზადდა ყველა მოქმედი წესის სრული დაცვით და წარედგინა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღნიშნული პროექტი დამტკიცდა, დაიწყო ხის კოტეჯის სამშენებლო სამუშაოები ჩემს სოფელში. ეს არის ძალიან მარტივი ამბავი — ალბათ, ნებისმიერ ქართველ ადამიანს აქვს სურვილი, მშობლიურ მხარეში საგვარეულო სახლი ჰქონდეს.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც ჩემი ქონების შეძენასთან, ან იქ განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით აქვს ინტერესი, შეუძლია გაარკვიოს როგორ წარიმართა პროცესი და რამდენად იყო ის კანონის ფარგლებში. აღნიშნული ინფორმაცია არის საჯარო და შეგიძლიათ, გამოითხოვოთ როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისგან, ასევე სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან“, – განაცხადა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
თაგები:
გივი მიქანაძე




