ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
გივი მიქანაძემ ხარაგაულის, თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

ავტორი
Frontnews საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ხარაგაულის, ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები, მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა პედაგოგებს მრავალწლიანი, თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და მასწავლებლის საქმიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, განხორციელებული ცვლილებები და მიღწეული შედეგები გააცნო. საუბარი შეეხო განახლებულ სასკოლო სახელმძღვანელოებს, ახალი სასკოლო ფორმების დანერგვას, მასწავლებლის პროფესიის გაძლიერებას, სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას, ასევე განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
მან ასევე ისაუბრა PISA-ს 2025 წლის საერთაშორისო კვლევასა და საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე.
შეხვედრის დასასრულს მასწავლებლებმა მათთვის საინტერესო თემებზე ისაუბრეს და დასმულ შეკითხვებზე პასუხები მიიღეს.
ღონისძიებას პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სასკოლო საზოგადოების წევრებთან ერთად, სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.
მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, სექტემბერ-ოქტომბერში, რეგიონებში ადგილობრივი ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება უკვე მეორე წელია ტარდება.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის აღნიშნული ინიციატივა მასწავლებლების მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და მათი პროფესიული საქმიანობის წახალისებას ემსახურება.
მასწავლებლის ეროვნული დღე ტრადიციულად 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, აღინიშნება.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, იმართება დასკვნითი საზეიმო ღონისძიება – საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გამორჩეულ 10 პედაგოგს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია: სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.
თაგები:
გივი მიქანაძე




