ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ირაკლი ჩიქოვანმა ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების პირად შემადგენლობას ქვედანაყოფების დაარსების დღე მიულოცა

ავტორი
Frontnews საქართველო
ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელიც ბათუმში, მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა, რეზერვისტებმა საზეიმოდ დადეს სამხედრო ფიცი.
ირაკლი ჩიქოვანმა ეროვნული გვარდიის ტერიტორიული თავდაცვის მე-10 და მე-20 ბრიგადის პირად შემადგენლობას ქვედანაყოფების დაარსების დღე, ხოლო რეზერვისტებს - ფიცის დადება მიულოცა.
როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეროვნული გვარდიის ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადები სარეზერვო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საქართველოს უსაფრთხოების დაცვის საქმეში.
ბრიგადების პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა და ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ.
ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.
გაიმართა წარმატებული გვარდიელების დაჯილდოების ცერემონიაც. სამხედროები დაჯილდოვდნენ თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით - „სამშობლოსთვის თავდადებული“ და „გიორგი ანწუხელიძე“. მათ, ასევე სამკერდე ნიშნები - „ღირსეული გვარდიელი“, სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად, მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მან, ბაღდათის მიტროპოლიტ მეუფე ანტონთან და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულა ბაზის ტერიტორიაზე ახალგახსნილი წმინდა დიდთა მოწამეთა არგვეთის მხედარმთავართა დავით და კონსტანტინე მხეიძეების სახელობის ტაძარი.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი




