Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კობახიძე - ჩინეთთან პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია

პოლიტიკა
161
Frontnews
ირაკლი კობახიძე - ჩინეთთან პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია

პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის და მოხარული ვართ, რომ ამ თვალსაზრისითაც გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა, მზარდი მაჩვენებლები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა საქართველოს მთავრობის ინტერესია, რომ ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს.

„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ პარტნიორობას და მეგობრობას, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩინეთის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და თქვენი ვიზიტიც საქართველოში ამ დამოკიდებულების კიდევ ერთი მორიგი გამოხატულებაა.  ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები 34 წელს ითვლის და მოხარული ვართ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 34 წლისთავზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.  მოხარული ვართ, რომ ამ შეთანხმებას აქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები. რამდენიმე წლით ადრე გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ჩვენს ქვეყნებს შორის და მას შემდეგ ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დიდ წინსვლას ორმხრივ ურთიერთობებში სხვადასხვა მიმართულებით.  ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. მადლობელი ვართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამო და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს განუხრელ მხარდაჭერას ერთი ჩინეთის პრინციპთან მიმართებით.  ჩვენს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.  განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის და მოხარული ვართ, რომ ამ თვალსაზრისითაც გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა, მზარდი მაჩვენებლები. წლიდან წლამდე იზრდება სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის, თუმცა ჩვენი ინტერესია, ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს.  მოხარული ვართ, რომ მიმდინარე წლის მონაცემებით ჩინეთი იქცა საქართველოს უმსხვილეს ინვესტორად, რაც ადასტურებს ჩინური ბიზნესის, ჩინური მხარის მყარ ნდობას საქართველოში ეკონომიკური გარემოს მიმართ.  ეს შეხვედრა გვაძლევს საშუალებას, განვიხილოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხები. ჩვენ დაინტერესებული ვართ, მაქსიმალურად გავაღრმაოთ პარტნიორობა, მათ შორის ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივის ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები