ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ირაკლი კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია არის ის ძალა, რომელიც მხარს უჭერდა მოლოტოვის კოქტეილს

ავტორი
Frontnews საქართველო
ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკური ჩარევის მცდელობა კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში და ახლა პოლიტიზების მცდელობა უკვე სტრასბურგის სასამართლოს ხსენებით, ეს არასწორია, პოლიტიკოსები უნდა მოერიდონ საუბარს კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველი თვალსაჩინო და მკაფიოა.
"პირველ რიგში, ყველა დააკვირდეს საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის განვითარებას. პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკური ჩარევის მცდელობა კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში და ახლა პოლიტიზების მცდელობა უკვე სტრასბურგის სასამართლოს ხსენებით. ეს არასწორია. პოლიტიკოსები უნდა მოერიდონ საუბარს კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე, ზოგადად მართლმსაჯულებაზე. ეს არ არის მათი საქმე, მათი საქმეა - დააკვირდნენ ზოგადად მოვლენების განვითარებას. თუ სამართლებრივი შეფასებები აქვთ, სამართლებრივი შეფასებები წარმოადგინონ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ნუ გამოდიან უხეში პოლიტიკური გზავნილებით.
იმდენად თვალსაჩინოა და იმდენად მკაფიოა სარჩელის დასაბუთება, რომ, რა თქმა უნდა, ყველაფრისთვის ვართ მომზადებული. გვერდზე რომ გადავდოთ წმინდა იურიდიული მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველა ვხედავთ რას, რომ 2012 წელს, როცა ჩატარდა არჩევნები და ეს არჩევნები წააგო „ნაცმოძრაობამ“, მაშინდელ რეჟიმს ჰქონდა მცდელობა, არ ეღიარებინა მის მიერვე ჩატარებული არჩევნების შედეგები და გახსოვთ სენატორების განცხადება. სენატორები მივიდნენ სააკაშვილთან და მხოლოდ სენატორების გზავნილების შემდეგ აღიარა მის მიერვე ჩატარებული არჩევნების შედეგები მიხეილ სააკაშვილმა. ამის შემდეგ იყო 2016 წლის არჩევნები, როდესაც ამ „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ სცადა შედეგების არაღიარება, შემდეგ იყო 2020 წელი, როცა ასევე სცადა შედეგების არაღიარება და 2024 წელი, როდესაც სცადა შედეგების არაღიარება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ხდებოდა ყოველგვარი არგუმენტების გარეშე.
იმდენად თვალსაჩინოა პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველი, რომ აქ ჩვენ ბოლომდე ვართ წელში გამართული. კითხვები აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც მანამდე მხარს უჭერდნენ მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას. ეს არის ჩემი მარტივი პასუხი. მე ზოგადად ვსაუბრობ ევროპულ ბიუროკრატიაზე, ევროპული ბიუროკრატია არის ის ძალა, რომელიც მხარს უჭერდა მოლოტოვის კოქტეილს და იგივე ადამიანები დღეს უკვე გამოდიან პოლიტიკური გზავნილებით კონსტიტუციური მართლმსაჯულების წინააღმდეგ“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




