ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ირინე წაქაძე მოსახლეობის დაბერების საკითხებზე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობს

ავტორი
Frontnews საქართველო
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე მოსახლეობის დაბერების საკითხებზე, ჩინეთში, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობს. ღონისძიების მიზანი აღნიშნული მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამომავლო პერსპექტივების განხილვაა. ხუთდღიანი კონფერენცია პრეზენტაციებს, სიტყვით გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს აერთიანებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ირინე წაქაძემ, ბოლო წლებში, საქართველოში ხანდაზმულთა უფლებების დაცვისა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქვეყანამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ირინე წაქაძემ ყურადღება გაამახვილა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გაფართოებაზე, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის მიზნით დაწესებულ რეფერენტულ ფასებზე და სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების DRG სისტემაზე. ასევე ისაუბრა ბოლო წლებში ასაკობრივი თუ სხვა სოციალური ჯგუფებისთვის საპენსიო გასაცემელის ზრდაზე, თემზე დაფუძნებული ზრუნვის, შინმოვლის, პერსონალური ასისტენტის, დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამებსა და მათ მნიშვნელობაზე.
კონფერენციის ფარგლებში, ირინე წაქაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაშიც, სადაც მოსახლეობის დაბერებასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე, ასე მათ დასაძლევად მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და ადგილობრივ თემებს წვლილზე ისაუბრა. ირინე წაქაძემ სამომავლო პრიორიტეტებზეც გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები იმსჯელებენ ძირითად დემოგრაფიულ ტენდენციებზე, პოლიტიკის პრიორიტეტებსა და განხორციელების პროცესში არსებულ სირთულეებზე. ასევე, განიხილავენ ჯანდაცვისა და ზრუნვის სისტემებს, ციფრული ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებას, სოციალურ დაცვას, შრომის ბაზარს, ასაკისადმი მეგობრულ გარემოს და ე.წ. „ვერცხლის ეკონომიკის“ შესაძლებლობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ განსხვავებულ გარემოებებსა და გზებს, რომელთა მეშვეობითაც ქვეყნები დემოგრაფიულ ცვლილებებს პასუხობენ. ამასთან, სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით, განხილული იქნება, თუ როგორ შეიძლება მოსახლეობის დაბერების საკითხებზე რეგიონთაშორისი სწავლებისა და თანამშრომლობის გაძლიერება.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული კონფერენცია ჩინეთის ქალაქ ჰანჯოუში ტარდება.
თაგები:
ირინე წაქაძე




