ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ასევე ამოიღო სხვადასხვა კალიბრის ვაზნები და მცირეკალიბრიანი შაშხანა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.





