ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
მამუკა არეშიძე - საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის არანაირი არხები დახურული არ არის

ავტორი
Frontnews საქართველო
მსოფლიო პოლიტიკასა და გეოპოლიტიკურ არენაზე მიმდინარე ტრანსფორმაციების ფონზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი და დიპლომატიური არხების ეფექტიანობა კვლავ აქტიური განხილვის საგანია. გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნა, საერთაშორისო სამიტები თუ კულუარული მოლაპარაკებები ქმნის სივრცეს, სადაც პატარა ქვეყნებს საკუთარი ინტერესების დაცვა და მანევრირება უწევთ. პარალელურად, შიდაპოლიტიკურ დისკურსში განსაკუთრებულ ვნებათაღელვებს იწვევს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, კერძოდ აფხაზეთთან ურთიერთობისა და ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ნაბიჯების საკითხი. შექმნილ ვითარებასა და არსებულ გამოწვევებზე Front News-ს კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ესაუბრება.
– ბატონო მამუკა, ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროში სიტყვით გამოვა. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან საგარეო მიმართულებით არსებული პრობლემების დალაგების მცდელობაა. ფიქრობთ, რომ ახლა გაერო იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კარს მიღმა, კულუარულად, პრემიერსა და დასავლელ ლიდერებს (თუნდაც ამერიკელებს) შორის გარკვეული სახის კომუნიკაცია ან შეხვედრები შედგეს?
– რასაკვირველია, გაეროს ტრიბუნაც გამოყენებადია, მისი ტერიტორიაც, სივრცეც და ყველაფერი. ჩვენ რომ გადავხედოთ, თუ როგორ მოქმედებს რიგი ქვეყნები გაეროს სივრცეში, მივხვდებით, როგორ იყენებენ მას პოლიტიკური მიზნებისთვის. ერთ-ერთ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში, საგარეო საქმეთა სამინისტროში არის დეპარტამენტი, რომელსაც „სასაჩუქრე დეპარტამენტს“ ეძახიან. ეს არის განსაკუთრებული აქტივობის დეპარტამენტი და, სინამდვილეში, შინაურობაში "სასაჩუქრეს“ ეძახიან. მისი თანამშრომლები დაკავებულები არიან იმით, რომ ასეთ საერთაშორისო ტრიბუნებზე - გაერო იქნება, ევროკავშირი თუ სხვა, საჩუქრები გადასცენ, შეისწავლონ პარტნიორების სურვილები, დაბადების დღეები, რა მოსწონთ და ა.შ.
დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ყველაფერი მოშლილია, ასეთი ტიპის პლატფორმები კულუარულ სივრცედ გადაიქცა. ყოველთვის ხდებოდა შეთანხმებები და მოლაპარაკებები, მაგრამ უზენაესი მაინც საერთაშორისო სამართალი და შეთანხმებული თამაშის წესები იყო; ახლა მსგავსი არაფერი აღარ ხდება. ამიტომ, მე არ გამიკვირდება, რომ გაეროს სივრცეში ქართული მხარის დელეგაციის მხრიდან მოხდეს გარკვეული აქტივობები, შეხვედრები და ა.შ.
– პრემიერი კობახიძე ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში საერთაშორისო სამიტზე მიიწვია. ის 9 და 10 სექტემბერს საფრანგეთში ჩავა. როგორ ფიქრობთ, ევროკავშირთან დაპირისპირების ფონზე, შეგვიძლია ამ მიპატიჟების მაგალითზე ვთქვათ, რომ ევროპული არხები „ოცნებისთვის“ ბოლომდე დახურული არ არის?
– რასაკვირველია, საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის არანაირი არხები დახურული არ არის. შეზღუდულია, მაგრამ დახურული ვერ იქნება. საერთაშორისო ურთიერთობების წესების მიხედვით, ასეთი არხების დახურვას არ ცნობენ - მაშინ ომი უნდა გამოგვიცხადონ. წარმოიდგინეთ, მაგალითად, ურთიერთობის როგორი ფორმა აქვთ კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს: ისინი ყოველთვის თითით საჩვენებელი მეგობრები იყვნენ, დღეს კი ერთმანეთს ეკონომიკურ ომში გადაეკიდნენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი ხელმძღვანელობა და პასუხისმგებელი პირები ერთმანეთს არ ხვდებიან.
თანაც, ევროპასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობას საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ არგუმენტები აქვს, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებასაც აქვს არგუმენტები ევროკავშირის ზოგიერთ ნაბიჯთან დაკავშირებით. კონტრარგუმენტები ქართულ მხარესაც აქვს. დღეს ხომ მსოფლიოში ასეთი არგუმენტი მეფობს: რაც შეიძლება ერთისთვის, მეორისთვის არ შეიძლება. ვიცით გამოთქმა - „რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს“. მსხვილი ქვეყნებისთვის ყველაფერი შეიძლება, პატარა ქვეყნებისთვის - არა.
ის, რომ მაკრონი საქართველოს ხელისუფლებას იწვევს, როგორც საკვანძო ქვეყნის ხელმძღვანელობას, ეს ფაქტი მე სულ არ მიჭირს. მით უმეტეს, შემიძლია გითხრათ, რომ ისეთი განსაკუთრებული არგუმენტები საფრანგეთს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ხელში არ აქვს. საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი ნაბიჯი დასავლეთისთვის მიუღებელია, თუმცა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ანალოგიური და უფრო უარესიც ხდება.
– აუცილებლად აფხაზეთის საკითხს მინდა შევეხოთ. როგორც ვიცით, ბოლო დროს საქართველოს მხრიდან აფხაზეთში ბენზინის შეტანის თემამ პოლიტიკური სპეკულაციების სახე მიიღო. რას ცდილობს ამით „ოცნება“ და პოლიტიკურად მისცემს თუ არა ჩვენს ქვეყანას ეს ქმედება რაიმე სახის სარგებელს?
– მე ვიცი შიგნიდან, რა ხდება აფხაზეთში. ძალიან მაღიზიანებს ხოლმე პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე რაღაც საკითხის გააქტიურება, იმიტომ რომ ეს საკითხი ხელისუფლების შეცდომების საჩვენებლად უნდათ, არა და ამ დროს ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამენ. ხელისუფლებას იმდენი აქვს საკრიტიკო, რომ არ ვიცი, რა ვთქვა.
ამ ბენზინის შეტანაზე იმდენს ლაპარაკობენ, თითქოს ეს წლების განმავლობაში არ ხდებოდა. ვითომ აფხაზეთში სხვა პროდუქტი ბიზნესის თვალსაზრისით არ შედის. მე გეტყვით ხაზგასმით, რომ აფხაზეთში პროდუქტი შედის როგორც ბიზნესსტრუქტურებიდან, ასევე ჰუმანიტარული ტიპის საქონელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვინ იხდის აფხაზეთის ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგიის ფულს? ეს არის ჰუმანიტარული სახის დახმარება და აფხაზების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს ქართული მხარე იხდის. რატომ ამაზე არ ამახვილებს ოპოზიცია ყურადღებას? ამ ელექტროენერგიას ხომ მარტო აფხაზი მოსახლეობა არ იყენებს - იმას იყენებს აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებული რუსული ჯარიც. რამდენიმე ტონა ბენზინზე ატეხეს ერთი ამბავი. თუ ეს ბენზინი რაღაც განსაკუთრებული მიზნებითა და გადაწყვეტილებით იქნა მიღებული, ეს ახსნილი უნდა იყოს.
– თავად აფხაზებში რა განწყობებს იწვევს მსგავსი გადაწყვეტილება? ახდენს ეს აფხაზებზე გავლენას? ოპოზიცია ამბობს, რომ აფხაზები ამას იღებენ როგორც საჩუქარს და არ აქვთ მადლიერების განცდა.
– საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთოდ აზრზე არ არის, რა ხდება აფხაზეთში და რა განწყობებია თავად აფხაზებში - აქ ვსაუბრობ მასაზე. აფხაზეთში მდგომარეობა სერიოზულად და დინამიურად იცვლება. თბილისის ცენტრში არის სასტუმრო, სადაც პატრიარქის დაკრძალვაზე ძალიან ბევრი აფხაზი იყო ჩამოსული. ეს ვინმემ გაიგო საერთოდ? რა ხდება, რამდენი ჩამოდის დღეს და რამდენი ადამიანი ცდილობს, რომ ურთიერთობის სხვა სისტემა შექმნას ქართულ მხარესთან, საერთოდ არ იციან. ამის შეფასებას აკეთებენ ზედაპირულად, მხოლოდ იმისთვის, რომ თქვან: ხელისუფლება ცუდია. ეს კი იქ საქმეს სერიოზულად აფუჭებს.
მე, მაგალითად, აფხაზეთის დღევანდელ პოლიტიკასთან შეურიგებელი ვარ, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის სეპარატისტული ხელისუფლება და მეორე იმიტომ, რომ ქართველების უფლებები იზღუდება გალში და მიდის დექართველიზაცია. რაც არ უნდა მელაპარაკოს აფხაზეთის პოლიტელიტამ, ერთი ყურში შევუშვებ და მეორიდან გავუშვებ - სანამ გალში ვითარება არ შეიცვლება, მე მათთან ლაპარაკი მიჭირს (ამ დროს ლაპარაკი ყოველ კვირას მიხდება). აი, ამ ფონზე, ბენზინი შეიტანეს თუ არ შეიტანეს, დანარჩენი ქართველების იდიოტად ჩათვლაა. სისტემა არ მუშაობს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების ჩვენკენ მოტრიალებას ხელს შეუწყობდა.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
მამუკა არეშიძე




