ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
მამუკა რეხვიაშვილი - რუსთავის 2027 წლის ბიუჯეტი, რომელიც დღეს პირველივე მოსმენით დამტკიცდა, არის მრავალეტაპიანი სამუშაო პროცესის შედეგი

ავტორი
Frontnews საქართველო
რუსთავის მერვე მოწვევის საკრებულომ 192 მილიონ 518,200 ათასი ლარით განსაზღვრული 2027 წლის ბიუჯეტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.
"დამტკიცებული ბიუჯეტი არის მრავალეტაპიანი სამუშაო პროცესის შედეგი, რომელიც მუნიციპალიტეტმა მოქალაქეებთან მუდმივი დიალოგის გზით, ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩამოაყალიბა.
ჩვენი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ასახული ყველა პრიორიტეტი ეფუძნებოდეს პასუხისმგებლიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქალაქისა და მოსახლეობის მომავალს განსაზღვრავს.
შესაბამისად ახალ ბიუჯეტში ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული, ახალგაზრდული და სპორტული მიმართულებების გაძლიერებისკენ”, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა.
ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის ძირითადი პარამეტრები და განსაზღვრული პროგრამები საკრებულოს სხდომაზე რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა.
"რუსთავის გუნდი, მზად ვართ ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის კიდევ ერთი გარდამტეხი, უმნიშვნელოვანესი წლის დასაწყებად.
20 მილიონი ლარით გაზრდილი, 192 მილიონი ლარით განსაზღვრული საწყისი ბიუჯეტი დამტკიცებულია.ეს ნიშნავს, რომ დავიწყებთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს და კიდევ უფრო მეტ ახალ შესაძლებლობებს შევქმნით რუსთაველებისთვის.
ჯერ კიდევ უამრავი გამოწვევა გვაქვს დასაძლევი, მაგრამ გასულ წლებში განხორციელებულმა პროექტებმა შეგვიქმნა რეალური საფუძველი, გვქონდეს მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ ქალაქად ჩამოყალიბების ამბიციური გეგმა”, - განაცხადა სხდომაზე რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
მთავარი პრიორიტეტი კვლავ ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა და ამ მიმართულებით საწყისი ბიუჯეტი 83 087 700 ლარია.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას. პირველ ეტაპზე, ახალი გზები დაიგება მელიქიშვილის, გრიგოლ ხანძთელის, მოდებაძის, ნიშნიანიძის და დოლიძის ქუჩებზე.
2027 წელს რუსთაველების კიდევ ერთი პრობლემა გადაწყდება. საქართველოს მთავრობის დახმარებით, რუსთავს 70 ახალი ავტობუსი შეემატება, რომელიც რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებს.
გაგრძელდება ავარიული საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია, დაიწყება ხელოვნების ახალი სასახლის მშენებლობა. ასევე მომავალ წელს რუსთავის კორპუსებში კიდევ 200-მდე ახალი ლიფტი დამონტაჟდება.
2027 წელსვე დაიწყება რუსთავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სპორტული ობიექტების - სპორტული ქალაქის და უეფას სტანდარტების სტადიონის მშენებლობა. იგეგმება რუსთავის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია და სპორტული ქალაქის მიმდებარედ ახალი რეკრეაციის მოწყობა. გრძელდება მუნიციპალური სერვისების რეფორმა და იგეგმება ახალი ახალგაზრდული პროექტები.
ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს 20 დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ,,გირჩის” და „კონსერვატორები საქართველოსთვის“ წევრებმა დაუჭირეს მხარი. პარტია „ლელოს“ წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, ხოლო პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი კენჭისყრას არ დასწრებია.
ბიუჯეტის პროექტის გარდა დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ კიდევ 8 საკითხს დაუჭირეს მხარი.
თაგები:
მამუკა რეხვიაშვილი




