ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
მარნეულში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მდებარე სავაჭრო ობიექტის გარე პერიმეტრზე განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს და მასში მოთავსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. დაზიანებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი შემთხვევის ადგილიდან მოშორებით გადააგდეს და თავად მიიმალნენ.
ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, თანასოფლელის კუთვნილი ავტომობილის სანომრე ნიშანი მოიპარა და საკუთარ ავტომობილზე დაამაგრა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, ხოლო მოპარული ჩასარიცხი აპარატი და ავტომობილის სანომრე ნიშანი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.





