ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
მიხეილ ყაველაშვილი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ავტორი
Frontnews საქართველო
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული მეცნიერების მნიშვნელობასა და ქვეყნის ინტელექტუალურ პოტენციალზე ისაუბრა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლებს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ 85-წლიანი ისტორია საქართველოს ინტელექტუალური მემკვიდრეობისა და პროგრესისკენ სწრაფვის სიმბოლოა.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მეცნიერება არა მხოლოდ სამყაროს შეცნობის შესაძლებლობას იძლევა, არამედ უშუალოდ განსაზღვრავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას, ტექნოლოგიურ პროგრესსა და საზოგადოების განვითარების პერსპექტივებს.
მან ასევე ისაუბრა საქართველოს შესაძლებლობაზე, ჩამოყალიბდეს საერთაშორისო მასშტაბის ინტელექტუალური მიზიდულობის ცენტრად და სამეცნიერო თანამშრომლობის გზით გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და კრიზისების დაძლევის საქმეში დადებითი წვლილი შეიტანოს. პრეზიდენტის თქმით, ამ მიზნის მიღწევა უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოს მდგრად განვითარებასა და მშვიდობიან მომავალს.
"დღეს ჩვენი, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების ვალია, მტკიცედ დავუდგეთ მხარში ქართველ მეცნიერებს, ხელი შევუწყოთ თაობათა ჯაჭვის შენარჩუნებას, რათა ერთად შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი, დაცული და განვითარებული საქართველო“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილეს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




