ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
მიხეილ ყაველაშვილი - პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს

ავტორი
Frontnews საქართველო
"თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები.
მიხეილ ყაველაშვილმა ქართველ დიპლომატებს პროფესიული დღე მიულოცა და ქვეყნის დიპლომატიის ისტორიულ მნიშვნელობასა და თანამედროვე საერთაშორისო გარემოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველოს ისტორია მუდმივი დიპლომატიური ბრძოლისა და სტრატეგიული ლავირების გზაა. ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს უდიდესი იმპერიების და ცივილიზაციების ინტერესთა გადაკვეთაზე იმყოფებოდა. სახელმწიფოებრივი უწყვეტობის, ქრისტიანული სულიერებისა და ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად კი ქართველ ხალხს ბრძოლის ველზე გამოვლენილ სიმამაცესთან ერთად დიპლომატიური სიბრძნე, სტრატეგიული მოთმინება და გააზრებული მოქმედება სჭირდებოდა.
მან ყურადღება გაამახვილა თანამედროვე გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის ცვლილებასთან დაკავშირებულ პროცესებზე, რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მიმდინარე ომებზე, მზარდ იდეოლოგიურ პოლარიზაციასა და ტექნოლოგიურ საფრთხეებზე.
"ჩვენ ვდგავართ ახალი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირების ზღვარზე, სადაც თითოეული სიტყვა, თითოეული პოზიცია და დიპლომატიური ნაბიჯი პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, კეთილდღეობასა და მშვიდობიან მომავალს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, ამ პირობებში ქართველი დიპლომატების მისიაა საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარება და ქვეყნის, როგორც სანდო, მშვიდობისმყოფელი, სტრატეგიული და პასუხისმგებლიანი პარტნიორის ავტორიტეტის განმტკიცება.
ყაველაშვილმა დიპლომატებს სახელმწიფოს სახელით პატრიოტიზმისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




