Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

მსოფლიო პატრიარქი - უმძიმესი განსაცდელების ჟამსაც კი მართლმადიდებელი რწმენის აღმსარებლობამ განამტკიცა და შეინარჩუნა ქართველი ერის სულიერი ცხოვრება

საზოგადოება
357
Frontnews
მსოფლიო პატრიარქი - უმძიმესი განსაცდელების ჟამსაც კი მართლმადიდებელი რწმენის აღმსარებლობამ განამტკიცა და შეინარჩუნა ქართველი ერის სულიერი ცხოვრება

უმძიმესი განსაცდელების ჟამსაც კი მართლმადიდებლური რწმენის აღმსარებლობამ განამტკიცა და შეინარჩუნა ქართველი ერის სულიერი ცხოვრება. ფანარის მართლმადიდებლობის პატივსაცემი ცენტრიდან, ძმური სიყვარულით მოგესალმებით საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით - სულით ვუერთდებით ყველას, ვინც სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში იკრიბება და პატივს მიაგებს უფლის წმინდა კვართსა და ცხოველმყოფელ სვეტს, - ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოს პირველის წერილშია აღნიშნული.

„კაბადოკიიდან მოსულმა წმინდა ქალწულმა, ნინომ ქრისტეს მოძღვრება იქადაგა უძველეს იბერიაში, ხოლო მისი მოღვაწეობა საფუძველი გახდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევისა. ვაზის ჯვარი, რომელიც ასოცირდება მის მოღვაწეობასთან, დღემდე რჩება, როგორც სათაყვანებელი ნიში ჯვარცმული და მკვდრეთით აღდგომილი უფლის ყოვლადძლიერებისა. მისი მაგალითი ყოველ თაობას ასწავლის, რომ წმინდა სახარება იქადაგება იმ ადამიანთა ცხოვრებით, რომლებიც ღმერთს ლოცვასა და სიყვარულით აღსავსე მსახურებას უძღვნიან.

საუკუნეთა განმავლობაში, საქართველოს ეკლესია ამ სამოციქულო მემკვიდრეობას განამტკიცებდა თავის ერთგულ მორწმუნეთა ურყევი თავდადებით, მოწამეთა მოწმობითა და მონაზონთა ასკეტური ღვაწლით. უმძიმესი განსაცდელების ჟამსაც კი მართლმადიდებელი რწმენის აღმსარებლობამ განამტკიცა და შეინარჩუნა ქართველი ერის სულიერი ცხოვრება. მცხეთის წმინდა ტაძრები ნათლად მოწმობენ ქრისტიანულ ღვთისმსახურებასა და ქართველი ერის ისტორიას შორის არსებულ ურღვევ კავშირს.

ასევე, პატივისცემით მივესალმებით თბილისში ორგანიზებულ საერთაშორისო სიმპოზიუმს, რომელიც საქართველოს სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას ეძღვნება. ამ საიუბილეო თარიღის აღნიშვნა უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით გვავსებს. ისინი, ვინც ნათლისღებით იღებენ სარწმუნოებას, მოწოდებულნი არიან, ყოველდღიურ ცხოვრებაში აღასრულონ იგი. ახალგაზრდები განმტკიცდებიან საღმრთო სწავლებითა და იმ მოღვაწეთა მაგალითით, რომლებიც სახარების მიხედვით ცხოვრობენ. ჩვენს საზოგადოებაში მყოფი ადამიანები, სიღარიბით, ავადმყოფობითა და მარტოობით შეჭირვებულნი, მაცხოვრის თანაგრძნობასა და შემწეობას საჭიროებენ. დაე, ამ საიუბილეო თარიღმა განუახლოს ყველას ამ მოწოდების ერთგულად აღსრულების გადაწყვეტილება და განამტკიცოს თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემა.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, თქვენი ეკლესიის სიხარულს მთელი მართლმადიდებლურო სამყარო იზიარებს. წმინდა წერილის სიტყვებით წარმოვთქვამთ აღსარებას: „ერთ არს უფალი, ერთ არს სარწმუნოება, ერთ არს ნათლისღება“. თითოეული ადგილობრივი ეკლესიის სხვადასხვა ნიჭი ამდიდრებს ჩვენს ერთობას ქრისტეს სხეულში. დაე, ამ დღესასწაულებმა კიდევ უფრო გააღრმაოს ჩვენ შორის არსებული კავშირები და განამტკიცოს ჩვენი მზადყოფნა ერთობლივი მსახურებისთვის, რათა ჩვენმა მოწმობამ წარმოაჩინოს მსოფლიოს წინაშე მაცხოვრის მიერ მონიჭებული შერიგება და იმედი.

მიმდინარე წლის მარტში ჩვენ თქვენს ეკლესიასთან ერთად ვიდექით თბილისში და აღვასრულებდით ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის წესს. კვლავ ვლოცულობთ მისი სულის საუკუნო განსვენებისთვის.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, თქვენი, როგორც პირველი იერარქის მოღვაწეობის ამ დასაწყის ეტაპზე გულითადად გისურვებთ სიბრძნესა და სიმტკიცეს იმ სამწყსოს წინამძღვრობისთვის, რომელიც თქვენს მზრუნველობას არის მინდობილი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, წმინდა ნინოსა და საქართველოს ყველა წმინდანის მეოხებით, დაე, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაიცვას თქვენი უწმინდესობა და უნეტარესობა და მთელი ქართველი ხალხი ჯანმრთელობითა და ერთსულოვნებით. ამ წმინდა საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად შეკრებილი იერარქებისთვის, სამღვდელოებისთვის, მონაზვნებისა და მორწმუნეებისთვის გამოვითხოვთ უფლის უხვ მადლსა და კურთხევას“, – აღნიშნულია მსოფლიო პატრიარქის წერილში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები